ავტორი: რუსტამ მაილოვი
სკოლაში წასასვლელად ტრანსპორტის დაქირავება გარდაბნის რამდენიმე სოფლის მოსწავლეებს წლებია უწევთ.
სოფლების თაზაქენდის და ქვემო კაპანახჩის საჯარო სკოლების მოსწავლეები მე-9 კლასის შემდეგ ქ. გარდაბნის საჯარო სკოლებში დადიან. ამ სოფლების სკოლებში სასკოლო განათლება მხოლოდ 9 კლასამდე მიიღება.
მოსწავლეებს ქალაქ გარდაბნამდე 3-დან 7 კილომეტრამდე გავლა უწევთ. უტრანსპორტობის პრობლემა ეხებათ ასევე სხვა საფეხურის იმ მოსწავლეებს, რომლებიც გარდაბნის სოფლებში ცხოვრობენ, მაგრამ ქალაქის სკოლაში სწავლობენ. Ეს მათი არჩევანია, რადგანაც ამბობენ, რომ უნდათ უკეთ ისწავლონ, განსაკუთრებით ქართული.
“მინდა რომ ჩემმა შვილმა კარგად იცოდეს ქართული, ამიტომ უპირატესობას ვანიჭებ ქალაქის სკოლას.“
„ ჩემთვის რთულია სოფლიდან ქალაქში სიარული, თუმცა მშობლებს უნდათ, რომ ქართული ენა კარგად ვისწავლო,“– გვეუბნება მოსწავლე სოფელ ნაზარლოდან.
ქვემო კაპანახჩის და თაზაქენდის სკოლის დირექტორები პირად საუბრებში მხოლოდ იმას გვეუბნებიან, რომ ტრანსპორტს მშობლები და მოსწავლეები თავად ქირაობენ.
მოსწავლეებისთვის ტრანსპორტის გამოყოფის საჭიროების შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრს მივმართეთ. რესურს ცენტრის ხელმძღვანელმა ირინე ქირიამ გვითხრა, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში სასკოლო ტრანსპორტი 18 სკოლის 2 862 მოსწავლეს ემსახურება.
მისი თქმით, ტარნსპორტის გამოყოფის შესახებ მოთხოვნა სკოლამ უნდა გამოგზავნოს და ამის შემდეგ გადაწყდება საკითხი.
Რატომ არ არის ტრანსპორტი გამოყოფილი თაზაქენდის და ქვემო კაპანახჩის სკოლების მოსწავლეებისთვის. Რესურსცენტრში გვპასუხობენ, რომ შესაბამისი მოთხოვნა არ ყოფილა. “თუ ივლის ვინმე და მოთხოვნა იქნება, აუცილებლად დაკმაყოფილდება”.
Უტრანსპორტობა, პროფესიონალი კადრების სიმცირეთა და სკოლების ნაკლები ღიაობა კადრების ცვლილებისთვის – ერთობლიობაში რეგიონებში, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში, ხელს უშლის ხარისხიანი სასკოლო განათლების მიღებას, – გვეუბნება სპეციალისტი განათლების საკითხებში ნათია გორგაძე.
საჭიროა, რომ განათლების სისტემამ უზრუნველყოს ქართული ენის შესწავლის შესაძლებლობა ეთნიკური უმცირესობებისთვის და, ამავდროულად, დაიცვას მათი ენებიც. ამისათვის სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა გაზარდოს ადგილობრივი სამუშაო ძალის პოტენციალი და შესთავაზოს მათ მოსამზადებელი პროგრამები ქართულ ენაზე სწავლების და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობისთვის, აღნიშნულია სოციალური სამართლიანობის ცენტრის 2022 წლის კვლევაში. აღნიშნულია დოკუმენტში “საქართველოს უმცირესობები: ინტეგრაციის გზაზე არსებული ბარიერების ნგრევა”.