ავტორი: მირანდა ფუტკარაია
წალკის რამდენ სოფელშია სანიაღვრე არხების პრობლემა, რამდენ მათგანში იგეგმება წელს არხების გაყვანა-მოწესრიგება და რა ოდენობის თანხაა წალკის ბიუჯეტში ამ მიმართულებით წელს გათვალისწინებული ? – კითხვებზე პასუხები საჯარო ინფორმაციის სახით, წალკის მერიიდან 5 მაისს გამოვითხოვეთ. უწყებისგან 8 მაისს მივიღეთ პასუხი, თუმცა არასრული.
შეკითხვაზე “რამდენი ლარია გამოყოფილი 2023 წლის წალკის ბიუჯეტში სანიაღვრე არხების მოსაწყობად ?” უწყებამ არ გვიპასუხა.
Არასრული საჯარო ინფორმაციის მიწოდების მიზეზის დასადგენად წალკის მერიის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირთან დაკავშირება ვცადეთ. Მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა.
საჯარო ინფორმაციის ნაწილობივ ან საერთოდ უპასუხოდ დატოვების პრაქტიკა საქართველოში არსებობს როგორც ცენტრალურ ისე ადგილობრივ სახელისუფლებო დონეზე, – ამას ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ანგარიში ადასტურებს.
2022 წლის კვლევაში ვკითხულობთ:
- “2022 წელს საჯარო დაწესებულებებიდან მიღებული პასუხების მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 24 %-ით შემცირდა და 58% შეადგინა… შემთხვევათა 50% ში საჯარო ინფორმაციის განცხადება არ დაკმაყოფილდა ან დარჩა უპასუხოდ. 50% შემთხვევაში საჯარო ინფორმაცია გაიცა სრულად ან ნაწილობრივ.”
IDFI-ს იურისტი ნიკა ბოლქვაძე გვეუბნება, რომ 2022 წელს საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი მხოლოდ 2011 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე მეტია.