კონკრეტულად როდის იგეგმება გარდაბანში, კორპუსებში არსებული ლიფტების რეაბილიტაცია და რა თანხა იხარჯება ყოველწლიურად მათი შეკეთებისთვის? – საკითხებზე საჯარო ინფორმაცია გარდაბნის მერიიდან ერთ თვეზე მეტი ხნის წინ, 29 სექტემბერს გამოვითხოვეთ.
გარდაბნის მერიას ინფორმაციის მოწოდებისთვის კანონით 10 სამუშაო დღე ჰქონდა. ინფორმაციის მისაღებად ჩვენი რედაქცია, IDFI-ს მხარდაჭერით, გარდაბნის მერიაში ადმინისტრაციული საჩივრის შეტანას გეგმავს.
მუნიციპალურ ორგანოში გვითხრეს, რომ საკითხს მოიკითხავენ თუმცა ამ დრომდე მათგან არავინ დაგვკავშირებია.
საჯარო ინფორმაციის არ გაცემის მსგავსი პრაქტიკა აქვს წალკის მუნიციპალიტეტსაც, როგორც 27 ოქტომბერს, IDFI-ს მთავარმა იურისტმა, გიორგი დავითურმა ჩვენს რედაქციას უთხრა, თუ უწყება ადმინისტრაციული საჩივარის მიღების შემდგომ ინფორმაციას მაინც არ მოგვაწვდის, შემდეგი ეტაპი უკვე სასამართლოა.
დაფარული საჯარო ინფორმაცია – TOK TV წალკის მერიაში საჩივარის მომზადებას გეგმავს
გარდაბნის მერიამ, ლიფტების რეაბილიტაციის შესახებ ტენდერი 23 აგვისტოს მილიონ ლარზე მეტ თანხაზე გამოაცხადა. ინფორმაციას ჩვენმა რედაქციამ სახელმწიფო ტენდერების პლატფორმაზე მიაკვლია.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, მერია ცხრა და რვა სართულიან საცხოვრებელ კორპუსებში 21 ლიფტის მოწყობას გეგმავს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენს რედაქციას სასამართლოს მექანიზმის მოშველიება დასჭირდა საჯარო ინფორმაციის მიღებისთვის. გასულ წელს კულტურის სამინისტროდან ახალციხის, სოფელ ივლიტას ტაძრის რეაბილიტაციის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მას შემდეგ მივიღეთ, რაც უწყებას ვადების დარღვევის გამო სასამართლოში ვუჩივლეთ.
გარდა ამისა, საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით, ჩვენ საჩივარის შეტანას ვგეგმავთ წალკის მერიაში და განათლების სამინისტროში.
ამავე თემაზე: