რატომ დუმს მერია მაშინაც კი, როდესაც სათქმელი აქვს ? #გარდაბანი

October 4, 2023

ჩაუტარდება თუ არა და როდის გარდაბნის მუნიციპალიტეტში არსებული მრავალსართულიანი კორპუსების ლიფტებს რეაბილიტაცია? – მერიისაგან ოფიციალური კომენტარის მიღების არაერთგზის მცდელობისა კითხვებზე პასუხი დღემდე არ გვაქვს.

ჩვენმა რედაქციამ ტრადიციულ მეთოდს უკვე მიმართა და საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა, თუმცა ვიდრე პასუხს მივიღებთ მერიის დუმილის სანაცვლოდ, გამოქვეყნებული რეპორტაჟის კომენტარების ველში სოც. ქსელის მომხმარებელი გამოგვეხმაურა. მან გარდაბნის მერიის მიერ, 23 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაცია გაგვიზიარა, რომლის მიხედვითაც ლიფტების რეაბილიტაციისთვის ტენდერის გამოცხადებას და ახლებით ჩანაცვლებას მერია ჯერ კიდევ ზაფხულში გეგმავდა.

გარდაბნის მერიას, საჯარო ინფორმაციის მოწოდებისთვის კანონით ათი სამუშაო დღე აქვს. მანამ ჩვენმა რედაქციამ სახელმწიფო ტენდერების  გვერდის მეშვეობით დაადგინა, რომ მუნიციპალურმა ორგანომ 23 აგვისტოს მილიონ ლარზე მეტის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. 

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, მერია ცხრა და რვა სართულიან საცხოვრებელ კორპუსებში 21 ლიფტის მოწყობას გეგმავს. კონკურსში მონაწილეობა ერთადერთმა პრეტენდენტმა, “ბერძელქვა-20”-მა მიიღო, ამ ეტაპზე მიმდინარეობს შერჩევა/შეფასების პროცესი. სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან, დაახლოებით 6 თვეში უნდა დასრულდეს.

რატომ დუმან მუნიციპალიტეტების მერიებში მაშინაც კი, როდესაც საზოგადოებისთვის მისაწოდებელი ინფორმაცია და ჟურნალისტების კითხვებზე პასუხები აქვთ? რატომ ირჩევენ საზოგადოებისა და მედიისაგან იზოლირებას და ამით გამჭვირვალე მმართველობის ცუდ სტანდარტს ?

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარეს, ხატია ღოღობერიძეს თქმით, ხელისუფლებამ ჩაკეტილობა გადაწყვიტა ღიაობის ნაცვლად. მათ აქვთ ვალდებულება მოქალაქეების წინაშე გასცენ ესა თუ ის ინფორმაცია.

“ეს არის ხელისუფლების პოლიტიკური არჩევანი, არ გასცენ ინფორმაცია,” – გვეუბნება IDFI-ს იურისტი, ნიკა ბოლქვაძე.