საქართველოს მთავრობამ, წყლის რესურსების მართვის შესახებ ახალი კანონი მიმდინარე წლის 30 ივნისს მიიღო, რომლითაც ჩანაცვლდა 1996 წელს მიღებული იგივე შინაარსის კანონი, – ახალი კანონის ძირითადი დებულებები 2026 წლის 1 სექტემბერს ამოქმედდება.
კანონის მიხედვით, წყლის რესურსების მართვის განკარგვისთვის მუნიციპალიტეტს არსებულზე მეტი უფლება და ვალდებულება აქვს.
ამ სტატიაში შეიტყობთ თუ რას ცვლის ახალი კანონი მუნიციპალიტეტებისთვის, რა ვალდებულებები ეკისრებათ მათ და რა იცვლება მომხმარებლებისთვის.
მუნიციპალიტეტების უფლებამოსილება კანონის ამოქმედების შემდეგ
მას შემდეგ, რაც ახალი კანონი შევა ძალაში, მუნიციპალიტეტი ხდება ერთ-ერთი უფლებამოსილი ორგანო, რომელიც საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელებს კონტროლს წყლის რესურსების დაცვისა და გამოყენების სფეროში.
დაინერგება სააუზო მართვის პრინციპები, რომლის ფარგლებში განისაზღვრება ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსები.
მდინარის აუზის/სააუზო მართვის გეგმის შემუშავებისა და განხორციელებისათვის დაგეგმილია სათათბირო ორგანოების შექმნა, რომლის შემადგენლობაში ასევე შევლენ შესაბამისი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.
ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსებზე სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვის გაცემა დაევალება მუნიციპალიტეტს.
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში შეიძლება გადავიდეს ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსები.
კანონის მიხედვით, ზემოთაღნიშნული ცვლილებები ძალაში, 2030 წლის 1 იანვრიდან შევა.
“წყლის რესურსების დაცვის და სარგებლობის სფეროში მუნიციპალიტეტი ხდება კომპეტენტური ორგანო,” – ამბობს, ინჟინერი და ჰიდრო-ტექნიკოსი, აკაკი ფანჩულიძე.
მუნიციპალიტეტების უფლებამოსილება კანონის ამოქმედებამდე
“წყლის შესახებ” საქართველოში ამ დროისათვის მოქმედი კანონის მიხედვით, რომელიც ძალას 2026 წლის 1 სექტემბერს დაკარგავს, საქართველოს მუნიციპალიტეტები წყალთან დაკავშირებულ საკითხებს, “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” შესაბამისად უზრუნველყოფენ.
ამ დროისათვის, მუნიციპალიტეტი იღებს მონაწილეობას წყალმომარაგების სისტემებისა და ურბანული ჩამდინარე წყლების შეგროვებისა და გაწმენდისთვის ტექნიკური და საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადებაში.
ასევე, კანონის მიხედვით მუნიციპალიტეტს ევალება სასმელი წყლის წყაროების სანიტარიული დაცვის ზონების პროექტების დამტკიცება.
ცვლილებები მომხმარებლებისთვის
მსხვილი წყლის მომხმარებლები ან ასოციაციები, ასევე წყალმომარაგების საქმიანობის განმახორციელებლები შეძლებენ მონაწილეობა მიიღონ სააუზო მართვის საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში.
დაინერგება სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვები.
კანონის მიზანი
ამ კანონის მიზანია ქვეყანაში წყლის რესურსების მართვის სამართლებრივი საფუძვლების შექმნა, რომლებიც უზრუნველყოფს:
- წყლის რესურსების დაცვისა და წყლის რესურსებით სარგებლობის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას;
- სუფთა წყალთან მოქალაქეთა წვდომის უფლებას;
- ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას;
- ინტეგრირებული მართვის პრინციპების შესაბამისად, წყლის რესურსების დაცვასა და მდგრად გამოყენებას.
მიზნის ფორმულირება აღებულია საკანონმდებლო მაცნეზე განთავსებული კანონის “წყლის რესურსების მართვის შესახებ” მიხედვით.
“კანონის მიღებით ხდება გარკვეული დეცენტრალიზება, მაგრამ არა – სრული,” – გვეუბნება “საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ხელმძღვანელი, ნინო ჩხობაძე.
ზემოთხსენებული საკითხების და პროცესების მხარდაჭერისთვის წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მიერ, USAID-ის მხარდაჭერით, ჩატარდა კვლევა, რომელიც მიზნად ისახავს წალკის მუნიციპალიტეტში წყალსარგებლობის მდგომარეობის, წყლის რესურსებზე და სასმელ წყალზე ხელმისაწვდომობის შესწავლას, წყლის რესურსების მართვის და წყალსარგებლობის გაუმჯობესებას.კვლევის შედეგად გამოვლენილ მიგნებებზე და გამოწვევებზე მომზადდა რეკომენდაციების დოკუმენტი, რომელიც წარუდგინეს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს.
პროექტის და კვლევაში ასახული საკითხების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულებს:
რა ეტაპზეა საკანალიზაციო სისტემა წალკის მუნიციპალიტეტში – LAG-ის კვლევა„რას ვსვამთ“ – სასმელი წყლის ხარისხი, მიწოდება და ხარვეზები წალკის მუნიციპალიტეტში