კარტოფილი თოვლში – ნინოწმინდა

November 10, 2026

კარტოფილი თოვლში – ნინოწმინდა

ტექსტი:

ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების სოფლებში ფერმერებმა კარტოფილის მოსავლის აღება დროულად ვერ დაასრულეს. იმ სოფლებში, სადაც თოვლი მოვიდა, დაუკრეფავი მოსავალი თოვლის ქვეშ მოექცა,  – ინფორმაციას და ვიდეოს რადიო „ნორი“ ავრცელებს.

ადგილობრივების ინფორმაციით, წელს კარტოფილის მოსავლიანობა ძლიერმა წვიმებმა შეამცირა. მოსავლის დროულად აღებას კი მუშახელის ნაკლებობაც აფერხებდა. შედეგად, ოჯახებს, რომელთა შემოსავლის ძირითადი წყარო კარტოფილის მოყვანაა, მოსავლის ნაწილი ყანებში დარჩათ.

ფერმერების განმარტებით, ჩვეულებრივ პირობებში ერთი ჰექტრიდან 40ც-50-თ ტონა კარტოფილს იღებდნენ, წელს კი მოსავლიანობა 25-30 ტონამდე შემცირდა. მათივე თქმით, დაახლოებით 10 ტონა კარტოფილი მიწაში დარჩათ.

ფერმერები ამბობენ, რომ კარტოფილის მოსავლის აღება/დაბინავებასთან ერთად, გამოწვევაა მისი გაყიდვაც. როგორც ერთ-ერთი დგილობრივი რადიო ნორს უყვება – წელს კარტოფილის ფასი 60 თეთრს შეადგენს, თუმცა გაყიდვა რთულია.

მოსავლის აღება ვერ დაასრულა ალისა ავაკიანის ოჯახმაც. ოთხ ჰექტარზე დათესილი კარტოფილიდან ოჯახმა ერთი ჰექტრის მოსავლის აღება ვერ მოასწრო. ავაკიანის თქმით, კარტოფილის მოყვანაზე ოჯახმა 10 000 ლარი დახარჯა. ამ თანხაში არ შედის მოსავლის ასაღები ტექნიკის დაქირავებისა და მუშების ანაზღაურების ხარჯები.

მოსავლის აღების გაჭიანურების კიდევ ერთ მიზეზად ადგილობრივები მუშახელის ნაკლებობას ასახელებენ. მათი თქმით, წელს სამუშაოებში გაცილებით ნაკლები ადამიანი იყო ჩართული, ვიდრე წინა წლებში, რის გამოც მოსავლის აღება დროულად ვერ მოხერხდა.

განიხილავს თუ არა ნინოწმინდის მერია ფერმერებისთვის შეღავათების დაწესებას მუშახელისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაქირავების მიმართულებით, ან სხვა სახის მხარდაჭერის შეთავაზებას? – ამის გარკვევა ჩვენ ნინოწმინდის მერთან, ანივარდ მოსოიანთან გვინდოდა, მაგრამ იქ ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.

ფერმერებისთვის ამ ეტაპზე უცნობია, რა მდგომარეობაში დახვდებათ თოვლის ქვეშ დარჩენილი კარტოფილი და შეძლებენ თუ არა მის გამოყენებას.