ვალეში, გამსახურდიას ქუჩაზე მარტოხელა დედა, ეკა მამულაძე ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად დაზიანებულ სახლში ცხოვრობს
მისი სახლი ავარიულ მდგომარეობაშია – კედლების ნაწილი ჩამოშლილია, ნაწილზე ბზარებია, დაზიანებულია ჭერი და სახურავი, რის გამოც წვიმის დროს სახლში წყალი ჩადის, ბზარებიდან კი სიცივე აღწევს
ნახეთ სიუჟეტი
ტექსტი:
ამ სახლში, მარტოხელა დედა, ეკა მამულაძე ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს. მისი სახლი ავარიულ მდგომარეობაშია – კედლების ნაწილი ჩამოშლილია, ნაწილზე ბზარებია, დაზიანებულია ჭერი და სახურავი, რის გამოც წვიმის დროს სახლში წყალი ჩადის, ბზარებიდან კი სიცივე აღწევს.
სახლი ახალციხის ქალაქ ვალეში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარეობს. ახლა იქ არავინ ცხოვრობს. ოჯახი ზამთარს ნათესავთან ატარებს, რადგან როგორც ეკა გვეუბნება, ზამთარში, სახლი ვერ თბება და ცხოვრება დაბზარულ კედლებს შორის კიდევ უფრო რთულდება. თბილ სეზონზე ოჯახი საკუთარ სახლს უბრუნდება.
ეკა მამულაძის თქმით, მან დახმარებისთვის ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა. როგორც გვიყვება, ახალციხის მერი მას სახლის შეკეთებას დაჰპირდა და შესაბამისი განცხადებაც დაწერა, თუმცა მოგვიანებით მუნიციპალიტეტიდან უარის წერილი მიიღო.
ახალციხის მერიას საკითხზე კომენტარისთვის ჩვენც დავუკავშირდით და პასუხს ველოდებით.
გარდა ამისა, როგორც ეკა გვიყვება, ზამთარში საცხოვრებელი სახლის დატოვების გამო, ოჯახს სოციალური დახმარებაც შეუწყვიტეს. რა მიზეზით მოუხსნეს დახმარება და განიხილავენ თუ არა ოჯახის კვლავ გადამოწმებას? – უწყებაში გვითხრეს, რომ პერსონალურ მონაცემებს ვერ გასცემდნენ და თუ მამულაძეს რაიმე სახის პრეტენზია აქვს, საჩივრით უნდა მიმართოს. თემაზე მუშაობას განვაგრძობთ.