...

წალკაში ახალი ბაზარი შენდება

July 10, 2026

წალკაში 380 კვ. მეტრის ფართობის სამეურნეო ბაზარი შენდება.  ბაზრის მოწყობის სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

ხელშეკრულების თანახმად,   ობიექტი  2026 წლის 30 ნოემბრს უნდა დასრულდეს.  სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ადგილობრივ მუნიციპალიტეტს  ბაზრის მოწყობა  363 ათას ლარზე მეტი უჯდება. (363 349.94 ).

ვინ დაიკავებს  სავაჭრო დახლებს, მცირე და გარემოვაჭრეებმა ჯერ არ იციან. თუმცა, ამბობენ, რომ ახალი ბაზრის მშენებლობა ახარებთ როგორც მათ, ისე მოსახლეობას. 

,,ძალიან კარგი იქნება ახალ ბაზარში თუ შევძლებთ ვაჭრობას. შუქი იქნება, წყალი და სისუფთავე, მაცივარს დავდგამთ. ახლა ქუჩაში ვვაჭრობ, ეს მეც არ მომწონს. მაგრამ რა ვქნა, ეს ჩემი სახლის პროდუქტებია, უნდა გავყიდოთ აბა რა ვქნათ. პენსიონერები ვართ მე და ჩემი მეუღლე. რამდენიმე საათია ვარ და 100 ლარიც ვერ ვივაჭრე,”- ამბობს სოფელ ნარდევანის მკვიდრი არევაკ მელტონიანი. ის ყოველ კვირას სახლში დამზადებულ სხვადასხვა სახეობის ყველს ყიდის. 

წალკაში  კვირაობით ამ ადგილას ბაზრობა იმართება. ადგილობრივები საკუთარ პროდუქციას ყიდიან.  

წალკელებთან ერთად სავაჭროდ აქ კახეთიდან და მარნეულიდან ჩამოსულებსაც შეხვდებით. 

,,ძალიან მიხარია ახალი ბაზრის მშენებლობა, კომფორტულად ვიდგებით და ასე ქუჩაში აღარ. მე კახეთიდან ვარ და შაბათ-კვირას ვვაჭრობ.“

სუფთა იქნება ახალი ბაზარი, გადახურული, ძალიან მოხარული ვარ. წალკაში მხოლოდ კვირა დღესს ვაჭრობ“ გვიყვება მარნეულიდან ჩამოსული გარემოვაჭრე.

კვირაობით ბაზარი დღის პირველ-ორ საათამდეა, შემდეგ იშლება. მოვაჭრეების თქმით, შუადღის შემდეგ ხალხი არ დადის და პროდუქციის გაყიდვა ამ დრომდე უნდა მოასწრონ. 

ვიდოე სინქრონი: ,, სისიუფთავე იქნება,  მისასვლელი კარგი ექნება თავისუფლად შეხვალ. ახლა ჭირს შესვლა აქეთ მანქანებია, იქით ხალხი, ყველაფერი დახურული იქნება მაღაზიასავით“

სამეურნეო ბაზრის მოწყობის სამუშაოებს  ტენდერში გამარჯვებული შპს დაჩი ჯგუფი ახორციელებს. 

შესრულებული სამუშაოს საგარანტიო ვადა სამი წელია და ამ პერიოდში დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში, კომპანია ვალდებულია საკუთარი ხარჯებით გამოსწორს ხარვეზი.  

ფოტო : საპროექტი დოკუმენტაცია 

Tags: