,,მძარცველებს თოვლი, ტექნიკის საშუალებით, გადაუცლიათ ყორღანისათვის და ორ ადგილზე ამოუთხრიათ ყორღანის შიდა სივრცე“

March 19, 2024

ისტორიის მძარცველები წალკაში?!

,,გუშინ, 17 მარტს წალკის წყალსაცავს ვესტუმრე. 1999 წლიდან ყოველ წელს მივდივარ წლისაგან დაცლილი წყალსაცავის დასათვალიერებლად. ყველას კარგად მოეხსენება, რომ მე-20 საუკუნის 30-40-იან წლებში მომავალი წყალსაცავის ტერიტორიაზე არაერთი ყორღანი გაითხარა.

ყორღანებში აღმოჩენილი მასალები საქართველოს ეროვნული მუზეუმის მუდმივ გამოფენაზე შეგიძლიათ იხილოთ.

როდესაც საზღვაგარეთ საქართველოს ისტორიის პოპულარიზაცია და ჩვენი ქვეყნის წარმოჩენა ხდება წყალსაცავის ტერიტორიაზე მოპოვებული უნიკალური მასალები აუცილებლებლადაა წარმოდგენილი.

თავის დროზე, ბ. კუფტინმა დიდი სამუშოები ჩაატარა მომავალი წყალსაცავის ფსკერზე და ყველა დარწმუნებული ვიყავით, რომ ძირითადი აღმოჩენები უკვე მომხდარი იყო. მაგრამ 1999 წლის ზამთარში, როდესაც წყლის დონე მაქსიმალურად იყო დაწეული, კიდევ მრავალი არქეოლოგიური ძეგლი დაფიქსირდა.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სარიტუალო-საპროცესიო გზების აღმოჩენა. პირველად დაფიქსირდა, რომ ყორღანთა უმეტესობას ასეთი გზები აღმოსავლეთიდან ჰქონდა მიდგმული და ისინი სარიტუალო, დასაკრძალავი ეტლებისათვის იყო განკუთვნილი.

გზების სიგანე 3 – 6 მეტრს აღწევს, სიგრძე კი 50 – 800 მეტრს შორის მერყეობს. ასევე გამოვლინდა რამდენიმე სრულიად ახალი ყორღანი და სამაროვანი. ეს მცირე შესავალი იმიტომ გავაკეთე, რომ 2024 წლამდე ყველა არქეოლოგიური ობიექტი ხელუხლებელი გვხდებოდა.

DCIM\101MEDIA\DJI_0957.JPG

წლევანდელმა მონიტორინგმა აჩვენა, რომ ჩვენი ისტორიის მძარცველებმა, რომლებიც მეტალოდეტექტორებით არიან აღჭურვილი, აქამდეც მოაღწიეს. საქართველოში არაერთგან შემხვედრია მათი ნაკვალევი, მაგრამ წალკის წყალსაცავმა გვიჩვენა, რომ ისინი უკვე მძიმე ტექნიკითაც შეიარაღდნენ და, შესაბამისად უფრო საშიში გახდნენ.

ფოტოებზე კარგად ჩანს, რომ მძარცველები აქ დიდთოვლობის დროს მოსულან, თოვლი, ტექნიკის საშუალებით, გადაუცლიათ ყორღანისათვის და ორ ადგილზე ამოუთხრიათ ყორღანის შიდა სივრცე.

ალბათ დროა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ან ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტებზე მეტალოდეტექტორებით ძიება და არტეფაქტების მოპოვება კანონით დარეგულირდეს.“ -ამ ინფორმაციას  არქეოლოგი გოდერძი ნარიმანიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ფოტოებს აქვეყნებს.

საკითხის გასარკვევად tok.tv-ი კულტურული  მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს დაუკავშირდა. როგორც სააგენტოში გვითხრეს,  ადგილზე მდგომარეობის შესაფასებლად და გასაცნობად სამუშაო ჯგუფი იმყოფება.  

Tok.tv რედაქცია თემაზე მუშაობას აგრძელებს.  

Tags: , ,