საპირფარეშო წყლის გარეშე? -წალკა

October 14, 2026

ეს წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საბეჭისის სკოლაა.

ეს კი სკოლის ეზოში მდებარე საპირფარეშო. სკოლაში ამჟამად 31 მოსწავლე სწავლობს. სკოლის შენობაში, საპირფარეშო არაა, ამიტომ მკაცრი ზამთრისა და წვიმის დროს მოსწავლეებს საპირფარეშოთი სარგებლობა ეზოს გავლით უწევთ.

სველ წერტილში მოწყობილ ხელსაბანსა და ნიჟარაში წყალი არ მოდის. არადა, სკოლებში სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა მკაცრად კონტროლდება.

არაერთი საერთაშორისო კვლევის მიხედვით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში გაუმართავი საპირფარეშოები, ბავშვების ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს.

ჩვენ  საბეჭისის სკოლაში  შუალედური არჩევნების გაშუქების დღეს ვიყავით. ეს კადრებიც სწორედ არჩევნების დღესაა გადაღებული.

 ნიჟარაში წყალი არ მოდის, არც საპონი დაგვხვდა ადგილზე. კარს კი სახელური არ ჰქონდა. 

ჩვენ საბეჭისის სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს  თამაზ ხოზრევანიძეს ვკითეთ რატომ არ მოდიოდა წყალი საპირფარეშოს წინ მოწყობილ ონკანში?

ხოზრევანიძე ამბობს რომ  საპირფარეშოში სავალალო მდგომარეობა არ აქვთ, არის წყალიც და საპონიც.  ახალი სკოლა შენდება და ჯერჯერობით თავს ვიკავებთ ზედმეტი ხარჯებიდან .

-კითხვაზე, ირღვევა თუ არა სანიტარული ნორმები, როცა ნიჟარაში წყალი არ მოდის,  დირექტორის შემსრულებელი ამბობს :,,  წყალი რომ მოუშვათ ქვემოთ გავსებულია.

tok.tv კანალიზაცია არის გაჭედილი?

– არა კანალიზაცია კი არაა გაჭედილი, ორმოზეა და ორმოზე რომ დევს ვუფრთხილდებით, ზედმეტი წყალი რომ არ დაიღვაროს. ბავშვებმა შეიძლება მოუშვან და დატოვონ.  არჩევნების დღეს იყო გამორთული, თორემ წყალიც არის და ყველაფერია შეყვანილი. კვირის ბოლო დღე იყო, ალბათ დამლაგებელს გამორჩა, თორემ საპონიც გვაქვს მათეთრებელი საშუალება, ქლორიც. მარაგიც გვაქვს.  ადგილზე  ყველაფერი არის. 

მომავალი სასწავლო წელი დაიწყება სამ სართულიან თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ სკოლაში, ნეტა სადმე მოსწავლეებს ნახავდეთ რომ გაივსოს. 

– ცივი ზამთარის პირობებში, წვიმის დროს, ბავშვებს სკოლის შენობიდან ეზოში უწევთ გამოსლა საპირფარეშოსთვის 

– ასე ვსწავლობთ შენი ჭირიმე 2004-2005 წლებიდან და არავის ჯერ პრობლემა არ ჰქონია. აქ რომ ცივი ზამთარია, ბავშებიც ადაპტირებულები არიან  პრობელმა არ არის.  ვიყენებთ ჩვეულებრივ. სამაგიეროდ გათბობა გვაქვს უნიკალური შენობაში. 

საპირფარეშოში სავალალო მდოგომარეობა არ გვაქვს. შენობა სრულად აკმაყოფილებს მოთხოვნებს ჯერჯერობით.  თანამედროვე სტანდარტები ვერა მაგრამ  მომავლის იმედით ვართ. 

 ვიდრე ახალი სკოლა აშენდება, საბეჭისელმა მოსწავლეებმა ეზოში მდგომი ამ საპირფარეშოთი უნდა ისარგებლონ.  

Tags: ,