ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
ადიგენის მუნიციპალიტეტში მოსახლეობა ფერსათის მთის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის ხაზების გაყვანას ითხოვს. ამასთან დაკავშირებით “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” ადიგენის 17 სოფელში 418 ხელმოწერა შეაგროვა და ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას ინიციატივით მიმართა.
“ადიგენის რამდენიმე სოფელში გლეხები, რომლებსაც ოთხ-ხუთ სულ პირუტყვზე მეტი ჰყავთ, ადგილზე არასაკმარისი საძოვერების გამო, იძულებული არიან სახლ-კარი დატოვონ და წლის განმავლობაში ექვსი თვე, მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით, ფერსათის მთის საძოვრებზე გაატარონ. იმის გამო, რომ ფერსათის მთაზე, სადაც ადიგენელების საზაფხული საცხოვრებლებია მოწყობილი, ელექტროენერგია არ არის, მათ აქვთ პირუტყვის მოვლა-მოწველის, რძის გადამუშავებისა და შენახვა-რეალიზაციის პრობლემა. ამ პრობლემის მოგვარების მიზნით ჩვენ 418 ხელმოწერა შევაგროვეთ და შესაბამის ორგანოებში გავგზავნეთ,” – ამბობს უჩიძე.
რა პოზიცია აქვთ ელექტრო ენერგიის გაყვანასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერიაში? კითხვით ჩვენ ადიგენის მერს, ზაქარია ენდელაძეს დავუკავშირდით. მისი თქმით, საკითხზე მუშაობენ, თუმცა რამდენად მოხდება პრობლემის მოგვარება ამ ეტაპზე კონკრეტულად ვერ გვპასუხობს.
“ჩვენი სურვილიც არის, რომ ელექტრო ენერგიით სარგებლობდნენ ეს ადამიანები. ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე და საბოლოოდ როგორ გადაწყდება ჯერ ვერ გეტყვით, თუმცა ინტერესი ძალიან დიდი გვაქვს,” – გვითხრა ენდელაძემ.
ფერსათის მთას ადგილობრივი მოსახლეობა ზაფხულის პერიოდში იყენებს. ყოველწლიურად მოსახლეობას მთაში შინაური ცხოველები მიჰყავს.