„ეს იყო ჩემი მკვლელობის მცდელობა“ – ენზელ მკოიანი

July 22, 2020

ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი, ენზელ მკოიანი „ახალქალაქი ნიუსის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება. მისი თქმით, ვიდეოს ძირითადი ნაწილი ამოჭრილი და ცალმხრივად ნაჩვენები იყო.

„მიზანმიმართულად 3-ჯერ განხორციელდა სროლა ჩემი და ჩემი ნათესავების მიმართულებით. ეს იყო ჩემი მკვლელობის მცდელობა .მხოლოდ ამ ყველაფრის შემდეგ მე თავდაცვის მიზნით ვესროლე. ზოგი ოპოზიციური არხი და ფეიკ გვერდი სპეციალურად ავრცელებენ ამ ვიდეომასალის შემცირებულ მოჭრილ მონაკვეთს . მათი მიზანია ცრუ ინფორმაციის საშუალებით გამოიწვიონ გამოძიების დაბნეულობა,” – წერს მკოიანი (ციტატაში დაცულია მკოიანის სტილი)

დეტალებზე ჩვენ დეპუტატ მკოიანს დავუკავშირდით. “უკომენტაროდ” გვიპასუხა მან და ტელეფონი გათიშა.

ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც დავრეკეთ კითხვით: შესაძლებელი იყო თუ არა გამოძიებაში, როგორც მტკიცებულება შეეტანათ ვიდეო მასალები? როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გვითხრა შიდა საგამოძიებო საქმეა და დეტალებზე საუბარის უფლება არ აქვს.

შეგახსენებთ, მედიაში გავრცელდა ვიდეო მასალა, სადაც ასახულია თუ როგორ გარბის შეიარაღებული დეპუტატი მკოიანი , რომელსაც პოლიცია აჩერებს. აღნიშნული ვიდეო “ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატების დასახელებამდე ერთი დღით ადრე გამოქვეყნდა.

საქმე ეხება 26 მარტს მომხდარ დაპირისპირებას ნინოწმინდა-ახალქალაქის მოქმედ დეპუტატს და ყოფილ დეპუტატ, სამველ პეტროსიანს შორის. შსს-ში გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის და ცივი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით მიმდინარეობს, რომლის საფუძველზეც პეტროსიანს და მკოიანის 19 წლის ძმის შვილს პატიმრობა შეეფარდათ, თუმცა რამდენიმე თვეში მათ საპატიმრო თავდებით დატოვეს.

წინასასამართლო პროცესი 28 ივლისს არის ჩანიშნული.

ავტორი: მიშო დარბაიძე

Leave a Reply