ის რომ სასტუმრო შერატონს ვიდეოჩანაწერის დედანი აქვს, სასტუმროების საერთაშორისო ქსელიდან TOK TV -სთვის ექსკლუზიურად მიწოდებული პასუხით არ გამოირიცხება.
ვიდეო ასლების (და არა სერვერის) ამოღებაზე საუბრობს შერატონის ქსელის აღმოსავლეთ ევროპის სამსახური TOK TV -სთვის მოწოდებულ ინფორმაციაში. პასუხით, არ გამოირიცხება,სასამართლოს ან პროკურატურის გზით მოთხოვნის შედეგად, ჩანაწერის ასლების შემდგომი ხელმისაწვდომობაც.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ვიდეო სათვალთვალო კამერების ასლი ბათუმი შერატონს აღარ ჰქონდა და პროკურატურის მიერ ჩანაწერები სევერიანად იყო ამოღებული.
რა ხდება?
14 იანვარს შერატონ ბათუმში ჯერ ჟურნალისტს და TI პროგრამის ხელმძღვანელს ზვიად ქორიძესა და შემდეგ ექს პრემიერ მინისტრს გიორგი გახარიას, მათივე ცნობით, თავს დაესხნენ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები დიმიტრი სამხარაძე, გიორგი მანველიძე და სხვები.
მედიები და დაზარალებულები, მომხდარი ინციდენტის ამსახველი კადრების მიწოდებას 5 ვარსკვლავიან სასტუმროს მეორე დღიდანვე სთხოვდნენ, თუმცა ამ დრომდე ვიდეო კამერების ჩანაწერი მხოლოდ საგამოძიებო უწყებას აქვს.
ამ პერიოდის განმავლობაში, სასტუმრომ ოფიციალურად მხოლოდ ერთი განცხადება, მომხდარიდან რამდენიმე საათში გაავრცელა და მზაობა გამოთქვა შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე, ვიდეო მასალების გაცემასთან დაკავშირებით. თუმცა მასალები ჯერ, გარდა. საგამოძიებო უწყებისა, ხელმისაწვდომი არავისთვისაა.

ჟურნალისტმა ზვიად ქორიძემ, დაზარალებულის სტატუსი 5 დღის წინ მიიღო, ის გვეუბნება, რომ კომენტარის გაკეთებას საქმის მასალების გაცნობის შემდეგ შეძლებს.
პოლიტიკოსმა გიორგი გახარიამ დაზარალებულის სტატუსი კი შემთხვევიდან 12 დღის შემდეგ, დღეს მიიღო. პარტიის სამცხე-ჯავახეთის ოფისის წარმომადგენელი, სოფიო ხორგუანი გვეუბნება,რომ მათ 14 იანვარსვე მიმართეს სასტუმროს როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო წარმომადგენლობას კადრებისთვის, თუმცა მათ გაცემაზე უარი “აბსურდული მიზეზების გამო”უთხრეს.
რა გაარკვია TOK TV -მ?
სასტუმრო შერატონ ბათუმი 2011 წელს გაიხსნა, ის შერატონის ბრენდის სასტუმროების ქსელის ნაწილია, შესაბამისად ჩვენ მეტი ინფორმაციის მისაღებად სწორედ ქსელის საკომუნიკაციო განყოფილებას დავუკავშირდით.
ჩვენ გვაინტერესებდა როგორ ეხმიანება მსოფლიო ბრენდი მისაქსელში შემავალ სასტუმროში მომხდარ ინციდენტსა და შედეგად განვითარებულ მოვლენებს,მათ შორის ვიდეოფაილების მიწოდება-დაცულობის საკითხს, რადგანაც საქართველოს საზოგადოების მხრიდან ვიდეო მტკიცებულებების დაცულობის მიმართაც არსებობს კრიტიკა სასტუმროს მისამართით.
TOK TV-მ “შერატონის” სასტუმროების აღმოსავლეთ ევროპის კომუნიკაციების უფროსისგან ექსკლუზიურად მიიღო შემდეგი პასუხი:
“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სრულად ვაღიარებთ და პატივს ვცემთ ჩვენი სტუმრების მინიჭებულ უფლებებს, მოითხოვონ (CCTV) კადრების ასლი შესაბამისი ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად, გვესმის, რომ ინციდენტის გამოძიება მიმდინარეობს.
შეგვიძლია გაგიზიაროთ, რომ გამოძიების ფარგლებში საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა სასამართლოს დადგენილებით საკუთრებიდან ამოიღეს ვიდეომასალა. სამართალდამცავი ორგანოებიდან შეგვატყობინეს, რომ ვიდეო კადრებთან დაკავშირებით ნებისმიერი შემდგომი მოთხოვნით უნდა მიმართოთ სასამართლოებს ან აჭარის ა/რ პროკურატურის საგამოძიებო დეპარტამენტს.”
ჩვენი რედაქცია სასტუმროს შესაბამის განყოფილებასთან კომუნიკაციას თანმდევი შეკითხვებით განაგრძობს.
12 იანვრის შემდეგ შიმშილობს ჩვენი კოლეგა, ,,ბათუმელებისა” და ,,ნეტგაზეთის” ხელმძღვანელი მზია ამაღლობელი. ის ჩვენი დროის სინდისის პატიმარია.
300-ზე მეტი ჟურნალისტი, არაერთ საერთაშორისო უფლებადამცველ და პრესის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციასთან ერთად, მის გათავისუფლებას ითხოვს.
2023-2024 წლებში თავად მედიაზე მოძალადე ათეულობით ძალოვნიდან არავინ დასჯილა. თავისუფლება მზია ამაღლობელს!
#თავისუფლებამზიას