მიწები რომლისთვისაც საპატრიარქომ ხალხს მატყუარა უწოდა

February 6, 2020

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში დერცელსა და კიკიბოში არსებული მიწების ნაწილი სახელმწიფომ საპატრიარქოს მფლობელობაში გადასცა. ადგილობრივების განცხადებით, სადავო მიწებს ისინი სათიბ-საძოვრად იყენებენ. საპატრიარქოს იურისტი, ედიშერ ქარჩავა ამბობს, რომ მოსახლეობა ტყუის, რადგან მათ მიერ სარგებლობის და ფლობის ვერანაირი ფაქტი ვერ დადასტურდა.

TOK TV თემაზე  ეკონომიკის სამინისტროსაც დაუკავშირდა კითხვით თუ რა მიზნობრიობით გადასცა უწყებამ სოფლის მიწები საპატრიარქოს.  მათ ვიდეო კომენტარზე უარი გვითხრეს და პოზიცია წერილობით დაადასტურეს.  წერილში მხოლოდ დააკონკრეტეს თუ როდის გადასცა სახელმწიფომ მიწები საპატრიარქოს.

ქვაბიჯვრის სადავო მიწების თაობაზე საქმე წარმოებაში სააპელაციო სასამართლომ მიიღო. ადგილობრივებმა მას, მას შემდეგ მიმართეს, რაც სადავო მიწების (68 000  კვადრატი) საჩივარი რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა და ტერიტორია საპატრიარქოს მფლობელობაში დატოვა.

კიკიბო-დერცელის მცხოვრებლების ინტერესებს სასამართლოში EMC (ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი) იცავს. ორგანიზაციის  ადვოკატი მერი აღაპაშვილი განმარტავს, რომ მოსახლეობას ეს მიწები თითქმის 100 წელია აქვთ და სათიბ-საძოვრებად იყენებს.

„ეს მიწები ადგილობრივებს თითქმის 100 წელია აქვთ, ასევე აქვთ ამისი დამადასტურებელი დოკუმენტები. თუმცა დარეგისტრირებული არ ქონდათ, როგორც ძალიან ბევრ სხვა მოქალაქეს საქართველოში, როცა რეგისტრაციისთვის მიმართეს საჯარო რეესტრს მიწის ნაკვეთი აღმოჩნდა საპატრიარქოს საკუთრებაში. რის შემდეგაც მათ სამართლებრივი დაცვის საშუალებებს მიმართეს.“

სააპელაციო სასამართლოში საქმე 10 იანვარს გადაიგზავნა და დარეგისტრირდა, თუმცა როდის გაიმართება პროცესი ჯერ უცნობია. კიკიბო-დერცელის ტერიტორიაზე 68 000 კვადრატული მიწის ნაკვეთის, საპატრიარქოს საკუთრებაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება ახალციხის რაიონულმა სასამართლომ 11  ნოემბერს მიიღო.

საპატრიარქოს, საქართველოს მთავრობამ 2 მიწის ნაკვეთი გადასცა მფლობელობაში, ერთ-ერთ ნაკვეთზეა ტაძრის ნანგრევები, რომლის აღდგენაც იგეგმება.  მოსახლეობა ტაძრის აშენებას არ ეწინააღმდეგება და არც იმ ნაკვეთს ხდის სადავოდ,  სადაც ტაძრის ნანგრევებია. ხალხის საჩივარი ეხება მხოლოდ ტაძრის ტერიტორიის მიმდებარედ მიწის ნაკვეთს, რომელიც საპატრიარქოს სასოფლო-სამეურნეო მიზნისთვის გადაეცა.

ავტორები:

მიშო დარბაიძე, სედა სარქისიანი.

Leave a Reply