ავტორი: რუსტამ მაილოვი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ქორწილი პატარძლის მამის დაკავებით დასრულდა. Ადგილობრივები გვიყვებიან, რომ 19 წლის გოგო სკოლის დასრულების შემდეგ მასზე 2 წლით უფროს ბიჭზე დაინიშნა და მოგვიანებით, 26 აპრილს, ტრადიციის მიხედვით ქორწილი ქალის ოჯახში შედგა, თუმცა ცერემონიალი მეორე დღეს, ბიჭის ოჯახში ვეღარ გაიმართა, რადგან ერთ-ერთმა მეგობარმა იძულებითი ქორწინების შეტყობინებით 112-ში დარეკა.
Როგორც ჩვენს კორესპონდენტს, გარდაბნის პოლიციის განყოფილებაში ეუბნებიან, სამართალდამცველებმა ქალის მამა 27 აპრილს დააკავეს. მას 29 აპრილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
Სასწავლებელში, რომელშიც გოგო სწავლობს გვეუბნებიან, რომ ის ერთი კვირაა დაწესებულებაში არ ყოფილა.
Აღიარებს თუ არა ბრალს დაკავებული და ნამდვილად შედგა თუ არა ქორწინება ქალის თანხმობის გარეშე? Საუბარი პროცესში ჩართულ არცერთ მხარეს სურს.
იძულებითი ქორწინების შემთხვევებს სხვადასხვა ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილების თემებში მთელი ქვეყნის მასშტაბით დღემდე ვხვდებით.
“საქართველოში ადრეული ქორწინების პრაქტიკა მკვეთრად განსხვავდება ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიისა და რეგიონების მიხედვით. მაგალითად, მშობლების გარიგებით ქორწინება უფრო გავრცელებულია სხვადასხვა ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებში, განსაკუთრებით რეგიონებში. სხვა მიზეზებს შორისაა ამ ჯგუფების წარმომადგენელთა არასათანადო ინტეგრაცია ფართო საზოგადოებაში,” – ვკითხულობთ “საფარიის “ 2016 წლის ანგარიშში.
ქართული კანონმდებლობით იძულებითი ქორწინება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე პრიმა მუხლით დასჯადია. გვეუბნება “საფარის” იურისტი სამცხე-ჯავახეთში დიმიტრი ჩხიტუნიძე.
2019 წელს არასრულწლოვანი ქალის შესაძლო ქორწინების იძულების თაობაზე გამოძიება დაიწყო 14 ფაქტზე, ხოლო 2018 წელს – 9 ფაქტზე. ასევე, 2019 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 5 პირის მიმართ, ხოლო 2018 წელს – 1 პირის მიმართ.
2011 წელს „ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროსაბჭოს კონვენცია მიიღეს, რომელიც იძულებით ქორწინებას ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის ერთ-ერთ ფორმად განიხილავს. კონვენციას საქართველო 2014 წელს შეუერთდა.