ბაღებისა და სკოლებისთვის განკუთვნილი თანხა წალკამ 2022 წელს სრულად ვერ აითვისა

May 3, 2023

ავტორი: მირანდა ფუტკარაია, ლერი კოჩალიძე

წალკაში საბავშვო ბაღებისა და სკოლებისთვის ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხა  2022 წელს სრულად არ გამოყენებულა.

საბავშვო ბაღების მიმართულებით 80 000 ლარი იყო გამოყოფილი, აქედან 66 000 ლარი დაიხარჯა. ინფორმაცია მერიის საფინანსო-საბიუჯეტოს სამსახურში დაგვიდასტურეს.

სკოლების მიმართულებით განსაზღვრული  85 000 ლარიდან კი  76 000 ლარის ათვისება მოხერხდა.

რატომ ვერ დაიხარჯა გამოყოფილი თანხა სრულად? მერიაში გვითხრეს, რომ  დაზოგვა ტენდერების ხარჯზე მოხერხდა. ასევე, ეკონომია გაკეთდა  გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის გამოყოფილი თანხებიდან. 

მერიაში გვითხრეს, რომ დარჩენილი თანხა 2023 წლის ბიუჯეტში გადაიტანეს. ის იმ პროექტებს მოხმარდება, რომლებიც მიმდინარე წელს არის დაგეგმილი ან დაიგეგმება. 

2022 წლის ზაფხულში წალკის მერიისგან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით, წალკაში სულ 7 საბავშვო ბაღია. ბავშვებს ბაღში სიარული მხოლოდ ქალაქ წალკაში, სოფლებში: სამება, საყდრიონი, კიზილქილისა, არწივანსა და კოხტაში  შეუძლიათ. 

დარჩენილი სოფლების ნაწილის მოსახლეობა ბაღების აშენებას ან ძველი შენობების რეაბილიტაცია-გამოყენებას ითხოვს. 

მათ შორისაა სოფელი ახალშენი, სადაც ყოფილი საბავშვო ბაღი დღეს უფუნქციოა.  აღსაზრდელები კი მშობლებს ქალაქ წალკის ბაღში საკუთარი ხარჯებით  დაჰყავთ. 

რაც შეეხება სკოლებს, 2022 წლის აგვისტოს მონაცემებით, წალკის მუნიციპალიტეტში სულ 32 სკოლაა. რესურცენტრის ხელმძღვანელმა არსენ ჯმუხაძემ გასული წლის ზაფხულში გვითხრა, რომ ახალი სკოლის აშენების საჭიროება სოფელ ბერთაში დგას. მისივე თქმით, წალკაში არსებული სკოლები რეაბილიტაციას საჭიროებს.