ტბეთი, დაბა თრიალეთი, ბეშთაშენი ,ახალშენი, იმერა, ბარეთი, საბეჭისი, არ-სარვანი, წინწყარო, დარაკოვი, საყდრიონი, ნარდევანი, აიაზმა, განთიადი, სამება, არწივანი, ავრანლო და თავად წალკის #2 სკოლა – ეს წალკის ის ადგილებია, სადაც სასამათლომ არჩევნების შედეგები გააუქმა.
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ვლადიმერ ხუჭუამ წალკის # 25 საარჩევნო ოლქის წინააღმდეგ ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ,,საქართველოს მომავლის აკადემიის“ ,,ღია სივრცე კავკასიისა“ და ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საჩივრები დააკმაყოფილა, მას შემდეგ რაც ტექნიკური ცდით სასამართლოშივე დამტკიცდა, რომ ელექტრონული ხმის მიცემით ამომრჩეველთა ხმის ფარულობა გარანტირებული არ იყო.
თუმცა გაუქმებულ უბნებს შორის იყო ორი ისეთი უბანი, რომელიც არა მხოლოდ ხმის ფარულობის პრობლემის გამო გაუქმდა. ორივე ამ უბანზე არჩევნების დღეს TOK TV -ს გადამღები ჯგუფი მუშაობდა და დარღვევებზე ყვებოდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით წალკის საოლქო საარჩევნო კომისიას დაევალა – ,,გაატაროს დისციპლინარული ზომები წალკის #1 და #32 უბნის შესაბამისი წევრების მიმართ“.
სოფელ ავრანლო #32 უბანი ე.წ. ტექნოლოგიური უბანი საერთოდ არ იყო, აქ ხმას ე.წ. ძველი წესით აძლევდნენ, თუმცა აქ 26 ოქტომბერს არაერთი დარღვევა დაფიქსირდა, ვადაგასული პასპორტების გამოყენებით დაწყებული , კაბინაში ბიულეტენების გადაღებით დასრულებული, რასაც დამკვირვებელთან კომისიის წევრების დაპირისპირებაც მოყვა.
ვადაგასული პასპორტებით ხმის მიცემა და კაბინაში ფოტოს გადაღება – წალკაში, ავრანლოს საარჩევნო უბანზე
TOK TV არჩვევებზე გიყვებოდათ წალკის #1 საარჩევნო უბნიდანაც.
ამომრჩეველი ამბობს, რომ მას რეგისტრაციისას არ მიაწოდეს ჩეკი – წალკის პირველი საარჩევნო უბანი
ორივე ამ უბანზე საუბრისას მოსამართლემ აღნიშნა წალკის უბნებზე იმგვარი დამკვირვებლების არსებობის თაობაზე, რომლებიც სადამკვირვებლო ფუნქციებს ნაკლებად ასრულებდნენ. ასეთი ,,საეჭვო დამკვირვებელი“ წალკაში უბნებზე TOK TV -მაც არაერთი ნახა.
მოსამართლემ განმარტა: ,,სასამართლო სხდომაზე გამოიკვეთა, რომ მთელი რიგი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, მთელი რიგი პოლიტიკური სუბიექტები არ ემსახურებიან იმ მიზანს, რომ მოხდეს ქართველი ხალხის ნების აღსრულება. მხარემ, სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, რომელიც დღეს არ ესწრება სასამართლო სხდომას, წარმოაჩინა, რომ მან თავი შეიკავა გარკვეული მტკიცებულებების წარმოდგენისაგან, საპროცესო კანონით დადგენილი წესით”.
,,ასევე, მინდა აღვნიშნო, პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებიც აკვირდებოდნენ საარჩევნო პროცესს, აქაც შენიშნა სასამართლომ, რომ ძალიან ბევრი არ იყო გულწრფელი და ერთმანეთთან დაპირისპირებული პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკური სუბიექტები ერთმანეთს მხარდაჭერას უცხადებდნენ საარჩევნო პროცესის არასწორად წარმართვისთვის” – განაცხადა გადაწყვეტილების გამოცხადებისას მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ.
TOK TV თემაზე მუშაობას განაგრძობს