ბორჯომში განზრახ მკლელობის ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი – შსს

August 7, 2021

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული ა.მ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, “რომ მიმდინარე წლის 6 აგვისტოს, ბორჯომში, ინგოროყვას ქუჩაზე, ბრალდებულსა და 1984 წელს დაბადებულ, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევ ლ.ნ.-ს შორის მოხდა კონფლიქტი, რა დროსაც ლ.ნ.-მ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა, ხოლო ბრალდებულმა მას ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მისვლის შემდეგ გარდაიცვალა.”

სამართალდამცველებმა, შსს-ს ცნობით, ნივთმტკიცებად „АК 74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.