„დღეის მდგომარეობით ჩვენ კონკრეტული გადაწყვეტილებები შეზღუდვებთან დაკავშირებით არ გვაქვს მიღებული“, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
მისი განმარტებით, ისეთი რეგულაციები უნდა გატარდეს, რომელიც იქნება ქმედითი, შეწყვეტს გადაცემათა ჯაჭვს და ნაკლებად დააზიანებს ბიზნესს.
„ყველაზე ქმედითი ზომა არის მობილობის შემცირება, სწორედ მობილობის შემცირებისკენ არის მიმართული დამატებითი შესაძლო შეზღუდვები, რომელიც ერთი მხრივ შეიძლება, იყოს გადაადგილების შეზღუდვის საათების გაზრდა; შეიძლება, იყოს წერტილოვანი შეზღუდვები კონკრეტული სამუშაო ან არასამუშაო დღეების განმავლობაში გარკვეული სავაჭრო ობიექტების შეჩერება ან ისევ მათი სამუშაო საათების რეგულირება; ამ ზომების კომბინაციაც არის შესაძლებელი“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ვიცე-პრემიერის განცხადებით, მთავრობა სრული ლოკდაუნის გამოცხადებას ამ ეტაპზე არ გეგმავს და წერტილოვანი შეზღუდვების დაწესებით შემოიფარგლება.
„შესაძლებელია, ეს იყოს შაბათ-კვირა ან კიდევ კვირის რომელიმე დღე, ან შესაძლებელია ეს იყოს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცოტა უფრო ხანგრძლივი შეზღუდვა“, – განაცხადა მან.
მოქმედი რეგულაციებით, აკრძალულია ღია და დახურულ სივრცეებში პირბადის გარეშე მოძრაობა. გარდა ამისა, 22:00 საათიდან 05:00 საათამდე მოქმედებს გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, რა დროსაც მოქალაქეებს 7 ქალაქში გასვლა აკრძალული აქვთ.