ადიგენის მერის გოჩა ქიმაძეს ერთ-ერთ ბიზნესმენ ძმამ, მუნიციპალიტეტის ააიპ–ებიდან , გოჩა ქიმაძეს მერობის პერიოდში 250 000-ზე მეტი ლარი დაერიცხა, ხოლო 2013-24 წლებში, 1 200 000 ლარზე მეტი ლარი აქვს მიღებული. ხოლო, მეორე ძმა მეოთხე წელია ააიპ „ადიგენის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის“ დირექტორის პოზიცია უკავია, – ამის შესახებ კვლევას “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აქვეყნებს და მიუთითებს, რომ “მერის ძმების საქმიანობა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონს ეწინააღმდეგება და კორუფციის რისკებს იწვევს.”
გთავაზობთ კვლევას სრულად:
“ადიგენის მერის, გოჩა ქიმაძის ძმა, ლევან ქიმაძე ერთ-ერთია იმ 5 ბიზნესმენს შორის, რომელმაც ადიგენის მერიასთან ერთად ააიპ „ადიგენის განვითარების ფონდი” დააფუძნა. Მხოლოდ ძმის მერობის პერიოდში ლევან ქიმაძეს ადიგენის მუნიციპალური ააიპ–ებიდან 251,709 ლარი დაერიცხა, 2013-2023 წლებში კი შესყიდვებით, ჯამში, 1,287,209 ლარი აქვს მიღებული. ასევე, მერის მეორე, ძმას ჯემალ ქიმაძეს მეოთხე წელია ააიპ „ადიგენის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის“ დირექტორის პოზიცია უკავია. მერის ძმების საქმიანობა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონს ეწინააღმდეგება და კორუფციის რისკებს იწვევს.
ადიგენის მერიამ ააიპ „ადიგენის განვითარების ფონდი“ 5 ფიზიკურ პირთან ერთად 2015 წლის 20 იანვარს იმიტომ დააფუძნა, რომ, წესდების მიხედვით, ფონდს მუნიციპალიტეტის განვითარებაზე ემუშავა და შესაბამისი სტრატეგიებიც შეემუშავებინა. ააიპ-ის ადიგენის მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის არაფერი გაუკეთებია, რადგან ფონდს, ფაქტობრივად არ უმუშავია. სამაგიეროდ, ფონდის ხუთი დამფუძნებელი ფიზიკური პირიდან სამმა – ლევან ქიმაძემ, პავლე ბათმანაშვილმა და ზურაბ ზედგინიძემ 2013-2024 წლებში ჯამურად 2,017,651 ლარის სახელმწიფო შესყიდვები მიიღეს, აქედან 1,600,598 ლარი (79.3%) – ადიგენის მერიიდან და მისი ააიპ–ებიდან. ააიპ-ის დამფუძნებლებმა “ქართულ ოცნებას”, 2016-2021 წლებში, ჯამურად, 75,000 ლარი შეწირეს, ერთ-ერთი მათგანი კი კორუფციისთვისაა ნასამართლევი.
ლევან ქიმაძის შპს „თორნიკემ“, საკვებ, სამშენებლო და სხვადასხვა სამეურნეო მასალის შეძენაზე, 2013-2023 წლებში, 1,282 სახელმწიფო შესყიდვით 1,287,209 ლარი მიიღო, საიდანაც 1,153,891 (89.6%) ლარი 2015 წლის იანვრის შემდეგ დაერიცხა, რაც მან ადიგენის მერიასთან ერთად ააიპ-ი დააფუძნა. აღსანიშნავია, რომ 836,691 ლარი (65%), 1 241 პირდაპირი შესყიდვით მიიღო. მისი ძირითადი შემსყიდველი ადიგენის მერია და მუნიციპალური ააიპ–ებია, რომლებმაც ლევან ქიმაძის კომპანიას ხელშეკრულებები, ჯამში, 933,397 ლარზე (72.5%) გაუფორმეს.
2016 წლის მარტში ლევან ქიმაძემ კონკურენტის დისკვალიფიკაციით მოგებული ტენდერიდან მოტყუებით მიისაკუთრა 2,200 ლარი და თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. მან მერიას სოფლებში სასმელი წყლის ქსელის გასაყვანად დაბალი ხარისხის მილები მაღალი ხარისხის მილების ფასად მიჰყიდა. ქიმაძეს საპროცესო გარიგება გაუფორმეს. მიუხედავად ამისა, მასთან პირდაპირ შესყიდვებს ადიგენის მუნიციპალური ააიპ-ები დღემდე აფორმებენ.
უფრო მეტიც, 2021 წლის გაზაფხულიდან, ქიმაძის ერთი ძმა, ჯემალი ააიპ „ადიგენის კეთილმომწყობისა და დასუფთავების სამსახურის“ დირექტორად დაინიშნა, ხოლო მეორე ძმა, – გოჩა იმავე წლის ოქტომბრიდან ადიგენის მერია. შესაბამისად, ამ პერიოდის შემდეგ განხორციელებულ შესყიდვებთან მიმართებით დამატებითი კითხვები ჩნდება ურთიერთდამოკიდებული პირების ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებით*. 2021-2023 წლებში, ლევან ქიმაძის შპს „თორნიკემ“ ადიგენის მუნიციპალური ააიპ–ებიდან, 282 პირდაპირი შესყიდვით, 251,709 ლარი მიიღო. ლევან ქიმაძემ 2021 წლის აგვისტოში მმართველი პარტიის ანგარიშზე 5 000 ლარი შეიტანა.
პავლე ბათმანაშვილის 4-მა კომპანიამ, საწვავზე, სამშენებლო სამუშაოებსა და სხვადასხვა სამეურნეო მასალების შეძენაზე, 2013-2024 წლებში, 138 სახელმწიფო შესყიდვით, 575,830 ლარი მიიღო. აქედან 512,805 ლარი (89%) ბათმანაშვილის კომპანიებს ადიგენის მერიიდან და მისი იურიდიული პირებიდან დაერიცხა. პავლე ბათმანაშვილმა 2016 და 2021 წლებში „ქართულ ოცნებას“ 70,000 ლარი შეწირა.
ზურაბ ზედგინიძემ, რომელიც ააიპ „ადიგენის განვითარების ფონდის“ დირექტორია, 2014-2020 წლებში, სამშენებლო სამუშაოებსა და ფარმაცევტული პროდუქტების შეძენაზე, 17 სახელმწიფო შესყიდვით 154,612 ლარი მიიღო. მათ შორის ადიგენის მერიიდან – 154,396 ლარი (99.8%).”
რა პოზიცია აქვს კვლევასთან დაკავშირებით ადიგენის მერს, გოჩა ქიმაძეს – მერი ჩვენს ზარებს არ პასუხობს, მისგან პასუხის მიღების შემთვევაშ, მასალა განახლდება.