ავტორი: მიშო დარბაიძე – 577681889
ეს დაბა ადიგენია, წერეთლის 18 ნომერი, დღეს აქ სიჩუმეა, სახლშიც არავინაა. ჩვენი გადამღები ჯგუფი დღეს აქ თავისუფლად გადაადგილდება, განსხვავებით 8 მარტისგან, როცა პოლიციამ მუშაობაში ხელი შეგვიშალა და არ მოგცა საშუალება სახლს მივახლოვებოდით.
პოლიციას ადგილზე მყოფი ერთადერთი მედიის – TOK TV -სგან განსხვავებით ხელი არ შეუშლია ათეულობით პროტესტანტისთვის, რომლებიც ითხოვდნენ სახლში მუსლიმური ლოცვა შეწყვეტილიყო, მისულიყვნენ კართან, რომლის მიღმა ტრადიცული – პარასკევის ლოცვა მიმდინარეობდა.
რა მოხდა 8 მარტს?
საპროტესტო აქციის მონაწილეები დაბა ადიგენში, წერეთლის 18 ნომერთან 12 საათისთვის გამოჩდნენ. აქციის მონაწილეები მედიას არ ესაუბრებოდნენ, მაგრამ მათი შეძახილებით ირკვეოდა, რომ პროტესტის მიზეზი დაბა ადიგენში, წერეთლის 18 ნომერში მუსლიმური სამლოცველო იყო.
სიუჟეტი გასული დღიდან:
TOK TV -მ პროტესტის მონაწილე ადამიანებთან ერთად, ადგილზე ნახა ადგილობრივი სასულიერო პირებიც, მათ შორის ზარზმის მონასტრის წინამძღვარი ნიკოლოზ გეწაძე. ასევე ადიგენის მერი გოჩა ქიმაძე.
მოგვიანებით, სადავო შენობიდან გადაღებული კადრებით ჩანდა ის, რისი ნახვის და გადამოწმების საშუალება ჩვენს რედაქციას ადგილზე პოლიციამ არ მისცა – თუ როგორ უპირისპირდებოდა ზარზმის წინამძღვარი ნიკოლოზ გეწაძე, სავარაუდოდ სახლის მეპატრონე მერაბ მიქელაძეს.
რა (ვერ) გავარკვიეთ ამ დრომდე?
რა საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს შინაგან საქმეთა სამინისტრო დაბა ადიგენში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის და მედიისთვის ამ დრომდე უცნობია.
ჩვენი რედაქცია უკვე ორი დღეა ცდილობს შსს-სგან პასუხი მიიღოს თუ რამდენი ადამიანი დაიკითხა ინციდენტთან დაკავშირებით?
დაიწყო თუ არა გამოძიება ადგილზე კერძო პირის საკუთრებაში მომხდარ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე და
რატომ შეუშალეს ხელი შსს თანამშრომლებმა TOK TV-ის ჟურნალისტს პროფესიულ საქმიანობაში?
უწყებაში გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე “საკომენტარო პასუხი არ აქვთ”, არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდებიან.
თუმცა ჩვენ მაინც შევძელით დაგვედგინა, რომ პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს სახლის მეპატრონე, მერაბ მიქელაძე.
შსს-ს კითხვები არ ჰქონია ზარზმის მონასტრის წინაძმღვარ ნიკოლოზთან. მართლმადიდებელი სასულიერი პირი აღნიშნულს თავად გვიდასტურებს.
“ჩვენგან არავინ გამოუკითხავთ საერთოდ,” – მამა ნიკოლოზი
TOK TV ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობს გამოკითხვიდან გამოსული, სადავო შენობის მეპატრონესთან, მერაბ მიქელაძესთან დაკავშირებას. მასთან კონფლიქტში მყოფ ზარზმის წინამძღვარს ნიკოლოზ გეწაძეს კი ადიგენის სოფელ მოხეში, მართლმადიდებლურ ეკლესიაში მივაკვლიეთ.
როგორც მან ჩვენს რედაქციასთან განმარტა, დაპირისპირების მიზეზი შემდეგია, ციტატა: “იყიდეს სახლად, თუმცა გადააკეთეს საკულტო ნაგეგბობად, იმ ფონზე, როდესაც მიმდებარედ მუსლიმები არ ცხოვრობენ.”
სადავო შენობიდან გადაღებულ ვიდეოს, რომელშიც ჩანს თუ რა ტერმინოლოგიითა და როგორი ფორმით უპირისპირდება ზარზმის წინამძღვარი სავარაუდოდ მერაბ მელიქიძეს, მამა ნიკოლოზი მანიპულაციურს უწოდებს.
საპატრიარქოს მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია. გუშინ კი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ ინფორმაცია ადგილობრივ ეპარქიაში უნდა გადაგვემოწმებინა.
სამცხე-ჯავახეთის მუსლიმთა სამმართველოს მუფთი, მამუკა ვაშაყმაძეა. როგორც ის გვეუბნება, მერაბ მელიქიძე მისი ბავშვობის მეგობარია. ვაშაყმაძემ გვითხრა, რომ შენობაში ლოცვებს კერძო პირი საკუთარი ინიციატივით ატარებდა. მისივე თქმით, იმისათვის რომ კონკრეტულმა პირმა, რელიგური რიტუალები და ლოცვები შეასრულოს, რელიგიური კანონიკით, კონკრეტული რელიგიური დაწესებულებისგან კურთხევა ან ნებართვა არ სჭირდება.
“ყოველი პარასკევის თუ ბაირამობის ლოცვა შესათანხმებელი საკითხი არაა. შენობა ნაგებობას თუ რა დანიშნულებთ უდნა ჰქონოდა არ ყოფილა შეთანხმებული, ადამიანის უფლებებია დაცული ჩვენი კონსტიტუციით და შეუძლია ადამიანს ლოცვა შეასრულოს საკუთარ სახლში და ამისი უფლება აქვს. ამას უკანონობად რატომ აღიქვამენ და საიდან მოდის ეს პროპაგანდა ვერ დაგიდასტურებთ”
ადიგენის მერი ამბობს, რომ მუსლიმი თემის წარმომადგენლებს, ადიგენის სამლოცველოს გაუქმების სანაცვლოდ, მეჩეთის აშენებას მუსლიმებით კომპაქტურად დასახლებულ სოფელში სთავაზობს, სადაც ამ დრომდე მეჩეთი არ ფუნქციონირებს. მერისვე თქმით, აღნიშნულისთვის თანხას ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფენ.
კითხვაზე, თუ რატომ არ გადაიჭრა საკითხი ამ დრომდე, გოჩა ქიმაძემ გვითხრა, რომ დაახლოებით ერთი წლის წინ, მხარეებს შორის იგივე შეთანხმება მოხდა და 50 000 ლარი გამოიყო, მაგრამ მერისვე თქმით, რადგან აღნიშნული პირები სულეიმანჯების წარმომადგენლები არიან და შესაბამისად, არ ექვემდებარებიან რელიგიის სამმართველოს, თანხის გადარიცხვისთვის სხვადასხვა მიზეზთა გამო პრობლემა შეიქმნა და შეთანხმება დაირღვა.
თუ რა სახით გადაწყდება ამჯერად საკითხი, მერი ამბობს რომ 11 მარტს გახდება ცნობილი.
მერი ასევე ხაზს უსვამს, რომ შენობაში ლოცვა კანონდარღვევუთ იმართებოდა. რომელი კანონის დარღვევას გულისხმობს მერი? – ჩვენმა რედაქციამ ვერ მოიკვლია კანონს, რომელიც კერძო საკუთრებაში ლოცვების აღსრულების შესაძლებლობას კრძალავს.
დავუკავშირდით სპეციალისტებს. თეოლოგის ბექა მინდიაშვილის თქმით, კანონი არა კერძო საკუთრებაში ლოცვის აღსრულებას კრძალავს, არამედ პირიქით – კანონი ლოცვის თავისუფლების შეზღუდვას კრძალავს, მით უფრო კერძო საკუთრებაში.
ადიგენი: მეჩეთები და ეკლესიები
ადიგენი მულტიეთნიკური და მულტირელიგიური მუნიციპალიტეტია, ამიტომ შეხვდებით მეჩეთებსაც და ეკლესია-მონასტრებს. მუნიციპალიტეტში ბოლო აღწერით 15 ათასამდე ადამიანი სახლობს. სომეხი, აზერბაიჯანელი, ოსი და სხვა ეთნოსების წარმომადგენლებთან ერთად, აქ უმეტესობა – 97% ეთნიკური ქართველია: იმერლები, რაჭველები, აჭარლები და ადგილობრივი მესხები, რაც მუნიციპალიტეტის მულტირელიგიურობას განაპირობებს.
ადიგენის მუნიციპალიტეტში, მერის ინფორმაციით 10-ზე მეტი მეჩეთი ფუნქციონირებს. რამდენად საკმარისია მუნიციპალიტეტში მცხოვრები მუსლიმებისათვის მეჩეთების ეს რაოდენობა და რატომ გახდა დამატებითი სამლოცველოს არსებობის საკითხი თემში დაპირისპირების მიზეზი? – მერის პასუხი შემდეგია:
როგორც ზარზმის მონასტერის წინამძღვარი გვეუბნება, დაბა ადიგენი, სადაც სადავო შენობა დგას, ძირითადად ქრისტინაებითაა დასახლებული, თუმცა როგორც მუსლიმი მორწმუნეები ამბობენ, დაბაში არსებული სალოცავი მის მიმდებარედ არსებულ სოფლებში მცხოვრები მუსლიმებისთვის ხელსაყრელი მდებარეობისაა.
სამცხე-ჯავახეთის მუფთის ინფორმაციით, წერეთლის 18 ნომერში მედრესე წლების წინ გაიხსნა, პარასკევის ლოცვების ჩატარება კი, ისლამის სხვა მიმდევრების მსგავსად, მეპატრონემ სხვა მლოცველებთან ერთად მოგვიანებით დაიწყო.
მუსლიმებსა და ქრისტიანებს ადიგენში თანაცხოვრების ხანგრძლივი ისტორია აქვთ, თუმცა რელიგიური მოტივებით ლოკალურ კონფლიქტებსაც ჰქონდა ადგილი. ხმაურიანი იყო 2013 წელს ადიგენში მინარეთის დადგმის საკითხზე დაწყებული დაპირისპირება, რაც საბოლოოდ მართლმადიდებლური ეკლესიისა და მუსლიმთა სამმართველოს ერთობლივი ძალისხმევით მოგვარდა და მინარეთი სოფელ ჭელაში საბოლოოდ დადგეს.
ადიგენის მუნიციპალიტეტსა და ზოგადად, სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები მუსლიმები, აჭარაში მცხოვრები მუსლიმების მსგავსად, ძირითადად სუნიტები არიან, თუმცა ორი დამოუკიდებელი წყარო TOK TV -ს უდასტურებს, რომ სადავო შენობის მეპატრონე განსხვავებული ქვემიმდინარეობის მიმდევარია. ჩვენს რედაქციას , მეპატრონესთან კავშირის შეუძლებლობის გამო უჭირს დაადგინოს – ვინ აფინანსებდა მედრესეს, ან ისალმის რა მიმდინარეობის წარმომადგენლები ცდილობენ დაბა ადიგენში ახალი მუსლიმური სალოცავი ჰქონდეთ.
ვინ და როგორ შეაფასა?
მუსლიმთა სამმართველომ, რომელმაც მომხდარის შესახებ ჩვენგან გაიგო, 8 მარტსვე გაავრცელა განცხადება და სახალხო დამცველს მიმართა
ციტატა განცხადებიდან: “ვგმობთ და კატეგორიულად მიუღებელია ადამიანთა ეთნიკური და რელიგიური ნიშნით დევნა. აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება დაცულია ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით,”
ერთი დღის დაგვიანებით განცხადება გაავრცელა საქართველოს სახალხო დამცველმა.
“საქართველოს სახალხო დამცველი თვალს ადევნებს 8 მარტს, ადიგენში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარ დაპირისპირებას და განვითარებულ მოვლენებს.
სახალხო დამცველისთვის მიუღებელია ნებისმიერი სახის ძალადობა და კონსტიტუციით გარანტირებული რელიგიური თავისუფლების შეზღუდვა. სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული ოფისის თანამშრომელს კომუნიკაცია ჰქონდა დაპირისპირებაში ჩართულ პირებთან.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს ვითარების შესწავლა და ობიექტური, ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტება, რის შემდეგაც, მანდატის ფარგლებში, მოხდება შესაბამისი რეაგირება.”
სახალხო დამცველის სამსახურმა, რომელსაც TOK TV თავად დაუკავშირდა, დაგვიდასტურა, რომ ომბუდსმენი მედიისთვის ხელის შეშლის ფაქტებსაც მოიკვლევს.
მედიის ხელის შეშლის ფაქტს განცხადების გამოეხმაურა მედიის ადვოკატირების კოალიცია.
“ადგილობრივი მედიის TOK TV-ის გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ უშლიან ხელს პოლიციის წარმომადგენლები ჟურნალისტს ადიგენში მიმდინარე შეხვედრის გაშუქებაში, რომელსაც მერიისა და საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას მედიის წარმომადგენლებისთვის ხელის შეშლა სერიოზულ კითხვებს აჩენს ხელისუფლების მხრიდან საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებასა და პრესის თავისუფლებასთან მიმართებით.”
ეს კი ადგილობრივი ქალბატონია, რომელმაც სახელი და გვარი არ გვითხრა:
TOK TV -ს ბოლო ორი თვეა ხშირად უხდება გააშუქოს მუსლიმებსა და ქრისტიანებს, უმეტესად ეთნიკურ ქართველებს შორის, მოულოდნელად წარმოშვებული ლოკალური დაპირისპირება. ასეთი პრაქტიკა შესამჩნევად იშვიათი იყო ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, ანუ მას შემდეგ რაც TOK TV მულტიეთნიკურ და მულტირელიგიურ ორ რეგიონში – ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში მუშაობს.
ამავე თემაზე მომზადებული მასალები:
“კატეგორიულად მიუღებელია ადამიანთა ეთნიკური და რელიგიური კუთხით დევნა”-მუსლიმთა სამმართველო
რა ბედი ელის ადიგენში მუსლიმთა სამლოცველოს – 5 საათიანი მოლაპარაკების შედეგი
TOK TV-ის ჟურნალისტის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტი “Mapping Media Freedom”-ის რუქაზე მოინიშნა
“ორივე მხარე გამოთქვამს ინტერესებს, რომ წავიდნენ დათმობაზე,” – ბესიკ ამირანაშვილი
სადავო სამლოცველო კერძო სახლში ადიგენში – საკითხში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ჩაერთო
საპროტესტო აქცია, ადიგენში მუსლიმთა სამლოცველოს მიმდებარედ
“ჩვენი მოთხოვნა რჩება იგივე, სახლი [წერეთლის 18] აუცილებლად უნდა შეისყიდოს მერიამ”