მედიის შინაარსობრივი რეგულირებისა და დაუყოვნებლივი დასჯის ახალ რეგულაციებს მმართველი გუნდი თავად აუქმებს.
წამყვანმა – დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა დღეს მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც გასული წლის მიწურულს საქართველოს პარლამენტის მიერ მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილ იმ რეგულაციებს ცვლის, რომელთა ამოქმედება, არაერთი ექსპერტის შეფასებით , როგორც მაუწყებლების ,ისე ონლაინ მედიის თავისუფალი ფუნქციონირებისთვის ქმნიდა საფრთხეს.
დეკემბერში მიღებული მაუწყებლობის შესახებ ახალი კანონი, მედიის შინაარსის – სიზუსტის, გასწორების, სიძულვილის ენის თაობაზე დავების თვითრეგულირება, თანარეგულირებას რეგულირებით ცვლიდა. ამასთან დარღვევებისთვის ითვალისწინებდა მკაცრ სანქციებს, მათ შორის ფინანსურს და ავტორიზაციის/ლიცენზიის შეჩერებასაც კი, თან ისე, რომ მარეგულირებელი კომისიის მხრიდან ამგვარი სანქციების გადაწყვეტილების აღსრულებას სასამართლოც კი ვერ აჩერებდა.
მკაცრი სანქციები მედიისთვის, მოქმედი კანონის მიხედვით ივნისის ბოლოს უნდა ამოქმედებულიყო. თუმცა დღეს , ევროპის საბჭოს მხრიდან კანონის მკაცრი შეფასების და მიღებული რეკომენდაციების მიხედვით, ასევე სამოქალაქო ორგანიზაციების მოთხოვნების კვალდაკვალ, დარგობლივმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა პირველი მოსმენით – შინაარსობრივი რეგულაციების კვლავ თვითრეგულირება / კორეგულაციაში დაბრუნების და ჯარიმების სისტემის ცვლილების კანონპროექტი.
მაუწყებლობის შესახებ კანონის ცვლილების აუცილებლობა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის ნაწილიცაა, პროცესი ითხოვს ქართული კანონმდებლობის ჰარმონიზებას ევროპულთან.
კომიტეტის სხდომას დღეს მედიის განვითარების კუთხით მოქმედი სამოქალაქო ორგანიზაციებიც ესწრებოდნენ. მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის ეროვნული პლატფორმის კოორდინატორმა -ლაშა ტუღუშმა ცვლილებები დადებითად შეაფასა. დადებითად შეაფასა წარმოდგენილი კანონპროექტი ოპოზიციის წარმომადგენელმა პარლამენტარმა თამარ კორძაიამაც, რომელმაც დამატებითი საკითხებიც დააყენა, როგორიცაა საავტორო დავებისა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დაკომპლექტების საკითხები .
კანონპროექტის განხილვები პლენარულ სხდომაზე გაგრძელდება.