ავტორი: მირანდა ფუტკარაია
ამომრჩევლებს რუსთავსა და გარდაბნის ნაწილში პარლამენტის, ხოლო ბათუმში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი უნდა აერჩიათ. რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის 3 კანდიდატი იბრძოდა. ბათუმში ამომრჩევლებს არჩევანი ორ კანდიდატს შორის უნდა გაეკეთებინათ.
ცესკოს პრესპიკერის ინფორმაციით, ბათუმის ოლქში, წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატი რამაზ ჯინჭარაძე ლიდერობს. როგორც ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა, 14-ვე საარჩევნო უბნის წინასწარი მონაცემებით, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა მათე ფუტკარაძემ ხმების 31%, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა 69% მიიღო. წინასწარი მონაცემებით, მათე ფუტკარაძეს 3233 ამომრჩევლმა მისცა ხმა, ხოლო რამაზ ჯინჭარაძეს 7190 -მა.
ფოტო: ცენტრალური საარჩევნო კომისია
ცესკოს ცნობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 31,8 % შეადგინა. სულ საარჩევნო უბანზე 51 137 ამომრჩეველი მივიდა. აქედან, ბათუმში 10 578 მოქალაქე გამოცხადდა, რუსთავსა და გარდაბანში- 40 559,- ამის შესახებ ცესკო-ს პრესპიკერმა ისაუბრა.
ცესკოსვე ცნობით, ბათუმის შედეგების არჩევნების დასრულებიდან 1 საათში გამოქვეყნება ელექტრონული ტექნოლოგიების, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის მექანიზმმა გახადა შესაძლებელი. არასამთავრობო ორგანიზაციებმა, დღევანდელ შუალედურ არჩევნებზე აგიტაციის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. საიას დამკვირვებლების ინფორმაციით, უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე გავლენიანი პირები იმყოფებოდნენ, მათ შორის, პარლამენტის დეპუტატები, თბილისისა და სხვა მუნიციპალიტეტების საკრებულოების წევრები – როგორც „ქართული ოცნების”, ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და სხვა პარტიების მხრიდან. ბათუმში საარჩევნო უბნებთან სპეციალური სიებით მყოფ პირებზე ავრცელებდა ინფორმაციას ადგილობრივი მედია.
ცესკო-ს ინფორმაციით, შუალედური არჩევნების ჩასატარებლად 135 საარჩევნო უბანი გაიხსნა, მათ შორის 3 პენიტენციურ დაწესებულებებში და ერთი ე.წ. კოვიდუბანი. წელს პირველად, ბათუმის მე-4 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გამოყენებულია ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატები.
ცესკო-ს პრესსპიკერის ნათია იოსელიანის განცხადებით, დღევანდელ არჩევნებზე რეგისტრირებულია საარჩევნო სუბიექტების 278 წარმომადგენელი, 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 1590 დამკვირვებელი და 4 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის 22 საერთაშორისო დამკვირვებელი.
ამავე თემაზე იხილეთ