ახალციხეში, ცხრა თვის წინ გახსნილი დიდი საცურაო აუზი მეორედ დაიხურა, – დღეს ჩვენს რედაქციას აუზის ერთ-ერთი მომხმარებელი დაუკავშირდა და დახურვის მიზეზისა და გახსნის ვადების გარკვევა გვთხოვა. მერიაში გვითხრეს, რომ სპორტკომპლექსის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული განცხადებით გვეხელმძღვანელა, ხოლო კითხვაზე თუ რატომ დაიხურა ბოლო ორ თვეში უკვე მეორედ აუზი და როდის გახსნიან – არ გვიპასუხეს.
რას წერს აუზის ადმინისტრაცია? – სპორტ კომპლექსის ცნობით, დიდი აუზი ტექნიკური სამუშაოების გამო, რამდენიმე დღით დაიკეტა, თუმცა გახსნის კონკრეტული თარიღი მითითებული არ არის. განცხადება მათ 3 დღის წინ გაავრცელეს.
შეგახსენებთ, რომ ახალციხის სპორტული კომპლექსის დიდი საცურაო აუზი 5 თებერვალს გაიხსნა. გახსნიდან დაახლოებით შვიდი თვის შემდეგ, 31 აგვისტოს, აუზი წყლის გამოცვლისა და გეგმიური სამუშაოების მოტივით დაიხურა.
29 სექტემბერს, აუზში შესაძლო გაჟონვის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დამოუკიდებელმა წყარომ მოგვაწოდა, თუმცა მერიაში ეს ვერსია უარყვეს.
სპორტული კომპლექსის მშენებლობა 2020 წელს დაიწყო. პროექტი თავდაპირველად შეფერხდა, მოგვიანებით კი სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდსა და კომპანია „არალს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე გაგრძელდა. კომპანიამ მშენებლობა დადგენილი ვადების დარღვევით დაასრულა.
აქვე გეტყვით, რომ რამდენიმე დღის წინ, ახალციხის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ახალციხის საჯარო სკოლების მასწავლებლები სპორტ კომპლექსით და აუზით 50 %-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.