კალათბურთის დარბაზი, კინოკლუბის შენობა, სამუსიკო სკოლა – ახალციხის მუნიციპალიტეტში სამი ძვირადღირებული პროექტი მიმდინარეობს, თუმცა ამ სამიდან ვერცერთს, თავდაპირველად დაგეგმილ ვადაში ვერ ასრულებენ.
მაგალითად, კალათბურთის დარბაზის და სამუსიკო სკოლის მშენებლობა უკვე დასრულებული უნდა იყოს, ხოლო კინოკლუბის მშენებლობა 19 მაისს უნდა დასრულდეს. მიუხედავად ამისა, სამივე ობიექტზე სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
ტექსტი:
კალათბურთის დარბაზი, კინოკლუბის შენობა, სამუსიკო სკოლა – ახალციხის მუნიციპალიტეტში სამი ძვირადღირებული პროექტი მიმდინარეობს, თუმცა ამ სამიდან ვერცერთს, თავდაპირველად დაგეგმილ ვადაში ვერ ასრულებენ.
მაგალითად, კალათბურთის დარბაზის და სამუსიკო სკოლის მშენებლობა უკვე დასრულებული უნდა იყოს, ხოლო კინოკლუბის მშენებლობა 19 მაისს უნდა დასრულდეს. მიუხედავად ამისა, სამივე ობიექტზე სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
რა ხდება? – დავიწყოთ თავიდან
კალათბურთის დარბაზი
ახალციხის მერიამ, ასპინძის ქუჩაზე, სპორტული კომპლექსის მშენებლობისთვის, სადაც კალათბურთის დარბაზის მოწყობაა გათვალისწინებული, ტენდერი გასული წლის თებერვალში, 4,5 მილიონზე მეტ ლარზე გამოაცხადა. კონკურსში შპს “ინტექსმა” გაიმარჯვა და მხარეებმა ხელშეკრულება 2025 წლის 31 მარტს გააფორმეს.
თავდაპირველი გეგმით, კომპანიას ნაკისრი ვალდებულებები 2026 წლის 31 მარტის ჩათვლით უნდა შეესრულებინა, თუმცა ასე არ მოხდა. 31 მარტს, ხელშეკრულებაში ცვლილებები შევიდა და სამუშაოების შესრულების ვადად 2026 წლის 29 მაისი განისაზღვრა.
რატომ ვერ ჩაეტია კომპანია თავდაპირველად გათვალისწინებულ დროში? – ჩენ კომპანიის დირექტორთან, დავით ბჟალავასთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა საჯაროდ ხელმისაწვდომი ნომერი გამორთულია.
სამუსიკო სკოლა
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ, ქალაქ ახალციხეში, შალვა ახალციხელის N5-ში სამუსიკო სკოლის მშენებლობისთვის ტენდერი 3 მილიონზე მეტ ლარზე გამოაცხადა, კონკურსში შპს “ბიელმა” გაიმარჯვა და სამუშაოები დაიწყო. ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას სამუშაოები 2026 წლის 4 მაისამდე უნდა დაესრულებინა.
თუმცა, როგორც კალათბურთის დარბაზის შემთხვევაში, ამ პროექტზეც ვადების ცვლილება გახდა საჭირო. 2026 წლის 30 აპრილით დათარიღებულ ხელშეკრულებაში შესული ცვლილებების მიხედვით, სამუშაოების დასრულების ახალ თარიღად 2026 წლის 30 ივნისი განისაზღვრა.
ამ დროისთვის ობიექტზე სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს. ადგილზე ჩანს, რომ შენობა დასრულებული ჯერ არ არის და სამუშაო პროცესი გრძელდება.
რატომ ვერ დასრულდა პროექტი 4 მაისს? – ჩვენ აღნიშნულ საკითხზე კომპანიის წარმომადგენელს დავუკავშირდით, რომლისგანაც ინფორმაციის მიღებას ველოდებით.
ზემოხსენებული პროექტი რამდენიმე თვის წინაც გახდა განხილვის საგანი. მაშინ, რამდენიმე წყარომ ჩვენს რედაქციას უთხრა, რომ მშენებლობაზე დასაქმებულთა ნაწილს ანაზღაურებას არ აძლევდნენ, რის გამოც სამუშაო პროცესი გარკვეული პერიოდით შეფერხდა.
მას შემდეგ რაც ჩვენი რედაქცია აღნიშნული საკითხით დაინტერესდა დასაქმებულებს ხელფასი გადაუხადეს.
კინოკლუბი და მედიათეკა
ახალციხის მუნიციპალიტეტში კინოთეატრის გახსნა ახალგაზრდების 56 %-ს სურს. ეს მონაცემები ახალგაზრდობის სააგენტოს 2020 წლის კვლევაშია ასახული.
მუნიციპალიტეტმა კინოკლუბის და მედიათეკის მშენებლობისთვის ტენდერი გასულ წელს გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, შპს “ემ სი გრუპს” სამუშაოები 5 მილიონამდე ლარად, 2026 წლის 19 მაისის ჩათვლით უნდა შეესრულებინა. ანუ, წესით კინოდარბაზის მშენებლობა 8 დღეში უდნა დასრულებულიყო.
თუმცა, წინამორბედი პროექტების მსგავსად, მხარეებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილება აქაც შევიდა და სამუშაოებმა თითქმის 1 წლით, 2027 წლის 30 მარტამდე გადაიწია.
არც ამ კომპანიაში პასუხობენ ჩვენს ზარებს.
რა პოზიცია აქვს მუნიციპალიტეტის მერიას გაჭიანურებულ პროექტებთან დაკავშირებით და რა ბერკეტს იყენებს მუნიციპალური ორგანო იმისათვის, რომ დაგეგმილი პროექტები დაგეგმილ დროს დასრულდეს? – უწყებაში გვითხრეს, რომ საჯარო ინფორმაცია უნდა გამოგვეთხოვა. ჩვენ მერიას წერილით უკვე მივწერეთ.