ზანავის “გამგებელი”, ამირან მიქელაძე, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. ხოლო კიდევ ერთი პირი ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე – ინფორმაციას “ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური” ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დაკავებულმა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკემპინგე სივრცის მოწყობაში მფარველობის სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 10 000 აშშ დოლარი.
ბრალის დამტკიცების შემთვევაში დაკავებულს 7-11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ის, რომ ამირან მიქელაძე დააკავეს ინფორმაცია გუშინ, რამდნიმე დამოუკიდებელმა წყარომ მოგვაწოდა და ადიგენის მერმაც დაგვიდასტურა. ჩვენ ფინანსთა სამინისტროს გუშინვე დავუკავშირდით, თუმცა მათგან ინფორმაცია ვერ მივიღეთ.
ასევე, ჩვენ დავუკავშირდით დაკავებულის ნათესავს, რომელმაც ჩვენთან საუბარი არ ისურვა.
“ამას რომ კაცი გაბედავს… ვფიქრობ რომ კანონმა უნდა იმოქმედოს. ამასთან ერთად თვითონ ინსტიტუტიც გაილანძღა,” – გვეუბნება ადიგენის მერი, გოჩა ქიმაძე.