კურორტ აბასთუმნის რეაბილიტაციისთვის 70 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება, – “მუნიციპალური განვითარების ფონდმა” ხელშეკრულება შპს “საბა კონსტრაქშენთან” უკვე გააფორმა, – ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.
ვებ გვერდზე არსებული ინფორმაციის მიხედვით, ფონდმა აბასთუმნის რეაბილიტაციისთვის ტენდერი 25 თებერვალს გამოაცხადა, მასში მონაწილეობა მხოლოდ ზემოხსენებულმა კომპანიამ მიიღო და ხელშეკრულებაც მას გაუფორმდა.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, სამუშაოს პირველ ეტაპზე დაგეგმილი წინასაპროექტო კვლევების შედეგად განისაზღვრება ის ინფრასტრუქტურა, რომელიც რეაბილიტაციას საჭიროებს.
პროექტის მიხედვით იგეგმება ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის მქონე შენობა-ნაგებობების აღდგენა, ტურისტული და რეკრეაციული ობიექტების მოწესრიგება, ქუჩებისა და გზების განახლება და ა.შ
კომპანიას სამუშაოების შესასრულებლად 2 წელი აქვს. როდის გეგმავს სამუშაოების დაწყებას კომპანია? – აქ ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.
არის თუ არა პროექტში გათვალისწინებული, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე, აბასთუმნის ობსერვატორიის შენობის რეაბილიტაცია, რომელიც დაზიანებულია? – მდფ-შიამბობენ, რომ ამ ეტაპზე კვლევაა ჩასატარებელი თუ კვლევის შემდეგ დაზუსტდება.

კომპანიის შესახებ – შპს “საბა კონსტრაქშენი” 2012 წელს დაფუძნდა, საჯარო რეესტრის ბოლო მონაცემებით, კომპანიის ერთპიროვნული მმართველი ლევან თარგამაძეა. მას არცერთი პარტიის შეწირულობა არ უფიქსირდება.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მონაცემებით, კომპანიას ჯამში 102 სახელმწიფო შესყიდვა აქვს მიღებული, ჯამში 1,5 მილიარდზე მეტი ღირებულების.
თავდაპირველი ინფორმაცია, 70 მილიონიანი ხელშეკრულების შესახებ BM.ge -მ გაავრცელა.