ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია 2024 წელს 2 მეტრიანი დათვის ფორმის დეკორაციით შეხვდება, რომლისთვისაც 17 000 ლარის დახარჯვას გეგმავს, – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, 3D დეკორაციული დათვი უნდა იყოს არანაკლებ 2 მეტრი სიმაღლის და მაქსიმუმ 1,5 სიგანის.
განახლება:
რატომ შეარჩია მერიამ კონკრეტულად დათვის ფიგურა და არა რომელიმე სხვა? რითი იხელმძღვანელეს გადაწყვეტილების მიღებისას? – მერიაში ინფორმაციას კიდევ ერთხელ გვიზუსტებენ და ამბობენ, რომ ციტატა:
“საახალწლოდ ქალაქის მასშტაბით არსებული სკვერები და ცენტრალური ქუჩები მოირთვება, როგორც ახალი, ისე წინა წლებში შეძენილი საახალწლო დეკორაციებითა და განათებებით.
ასევე, ახალი დეკორაციები და მანათობელი ფიგურების ნაწილი საჩუქრად გადმოგვეცემა საქართველოს მთავრობისგან.
რაც შეეხება აღნიშნულ ტენდერს, მუნიციპალიტეტი გეგმავს დამატებით გარე გამოყენების მანათობელი დეკორაციის და სტრინგების შეძენას. შესწავლილი იქნა ბაზარზე არსებული სხვადასხვა ესკიზები, რის შემდეგაც შეირჩა ტენდერით გათვალისწინებული ნიმუში.”
________________________
“შესწავლილი იქნა ბაზარზე არსებული სხვადასხვა საახალწლო მანათობელი დეკორაციების ესკიზები, რის შემდეგ შეირჩა აღნიშნული საახალწლო მანათობელი ფიგურისა და განათებების შეძენა ქალაქის მოსართავად.”
კონკრეტულად რომელი ესკიზებიდან შეარჩიეს ფიგურა, – საკითხზე საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვეთ.
აქვე გეტყვით, რომ ეს პირველი წელია, როდესაც მერიამ ცხოველის ფიგურის ყიდვა გადაწყვიტა – გასულ წლებში მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა.
აღნიშნულ სახელმწიფო შესყიდვაზე წინადადებების მიღება, 25-28 ნოემბრამდე იწარმოებს.
გარდა ამისა, მერია დამატებით გეგმავს 20 მეტრიანი ლურჯი და 20 მეტრიანი მწვანე ფერის ნათურების(სტრინგის) შეძენასაც, რომლისთვისაც 3 700 ლარია გათვალისწინებული.
წინადადებების მიღება 25-28 ნოემბრამდეა.
აქვე გეტყვით, რომ მერია 14 მეტრიანი, ახალი წლის ნაძვის ხისთვის 140 000-მდე ლარის დახარჯვას გეგმავს, – სახელმწიფო შესყიდვაზე წინადადებების მიღება რამდენიმე საათში დასრულდება.