შემცირებული ფასი და ნაძვის ხის სიმაღლე – საახალწლო ტენდერი ახალციხეში

November 13, 2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია, საახალწლო ნაძვის ხის და აქსესუარებისთვის მიმდინარე წელს 180 000-ზე მეტი ლარის დახარჯვას გეგმავდა, თუმცა ტენდერი განცხადებების მიღების დასრულებამდე ერთი დღით ადრე შეწყდა.

მის ნაცვლად კი ახალი ტენდერი გამოცხადდა, რომლის მიხედვითაც მერია საახალწლოდ ნაძვის ხისთვის პირვანდელ შეთავაზებულ თანხაზე 42 000-მდე ლარით ნაკლების, 140 000-ზე მეტის, დახარჯვას გეგმავს.

რა გახდა მიზეზი? – როგორც მერიაში გვეუბნებიან, კომპანიების მხრიდან მოხდა შეთავაზება, რომ ნაძვის ხეს უფრო იაფად იყიდდნენ და თან მორთავდნენ. ამავე წყაროს ცნობით, ვინაიდან წინა ტენდერი მორთვას არ ითვალისწინებდა, შეაჩერეს და ახალი გამოაცხადეს.

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ 24 დეკემბრამდე უნდა დაამონტაჟოს და მორთოს, არანაკლებ 14 მეტრიანი ნაძვის ხე.

წინადადებების მიღება 18-21 ნოემბერს იწარმოებს.

აქვე გეტყვით, რომ გასულ წელს ახალციხის მერიამ ნაძვის ხე არ შეიძინა და სამი წლის წინ ნაყიდი გამოიყენა, საახალწლოდ ქუჩების მოსართავად კი ჯამში 209 200 ლარი დახარჯა.