ნინოწმინდის პანსიონი ომბუცმენის ახალ ანგარიშში

December 22, 2021

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი და დაწესებულებაში წლების განმავლობაში შექმნილი ვითარებაა შეჯამებული  ომბუდსმენის 40-გვერდიან დოკუმენტში, რომელიც სახალხო დამცველის აპარატმა დღეს გამოაქვეყნა. ნინო ლომჯარიას განაცხადებით, უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, 2016-2021 წლებში, პანსიონში, სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე, მათ შორის, სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე, ოთხი საქმე იყო აღძრული. ბავშვთა პანსიონში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე, გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით.

შეგახსენებთ, რომ პანსიონი საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია. მიმდინარე წლის განმავლობაში განვითარებული ხმაურიანი მოვლენების ფონზე, დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა მეუფე სპირიდონმა, რომელიც მეუფე იაკობმა ჩაანაცვლა.

ერთ-ერთი მთავარი პრეტენზია, რომელიც დაწესებულების ხელმძღავნელობის მიმართ არსებობდა, გახლდათ, ნაკლები გამჭვირვალობა და მონიტორინგის უფლების შეზღუდვა, როგორც ომბუდსმენისთვის ისე სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალური მუშაკებისთვის. ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებული მოვლენები ასევე გვხვდებოდა ე.წ სუს-ის ფარულ ჩანაწერებში, რომელთა ავთენტურობა ჯერაც არ არის დადასტურებული ან უარყოფილი.