საქართველოს პროფკავშირები ხულო-ზარზმის საავტომობილო გზაზე დასაქმებულების უფლებების დაცვის საქმეში ერთვება. გაერთიანებაში გვეუბნებიან, რომ მათ შრომის ინსპექციას მიმართეს.
უწყება ინსპექციისგან კომპანია, “სინოჰიდროში” დასაქმებულების შრომითი და უსაფრთხოების პირობების შესწავლას ითხოვს.
როგორც პროფკავშირების წარმომადგენელი, ვიტალი გიორგაძე გვეუბნება, განცხადების წარდგენამდე მათ კომპანიასთან დიალოგი სცადეს, თუმცა მენეჯმენტმა კომუნიკაცია შეწყვიტა.
საუბარია ხულო-ზარზმის საავტომობილო გზაზე დასაქმებული 50-ზე მეტ პირზე, რომლებიც 15 დღეზე მეტია გაფიცული არიან და კომპანიისგან ხელფასების მატებას, შრომითი პირობების გაუმჯობესებას და დაკლებული ანაზღაურების ჩარიცხვას ითხოვენ.
აღნიშნულ საქმეში საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ჩვენი რედაქციის მიმართვის შემდეგ ჩაერთო.
მიიღეს თუ არა განცხადება და რა არის შემდეგი ეტაპები? შრომის ინსპექციაში გვეუბნებიან, რომ მოიკითხავენ.
დასაქმებულები გვეუბნებიან, რომ ამ ეტაპზე მენეჯმენტისგან არავინ დაკავშირებიათ.