“ბანკი რომ დამაჯარიმებს, კომპანია გადაიხდის?” – ხულო-ზარზმის გზის მშენებლობაზე დასაქმებულების პროტესტის მეცამეტე დღე

July 4, 2023

50-მდე ადამიანი, რომელიც ხულო-ზარზმის საავტომობილო გზის მშენებლობაზეა დასაქმებული მეცამეტე დღეა გაფიცულია. ადიგენში და ხულოში მცხოვრები დასაქმებულები დღეს ადიგენის სოფელ უტყისუბანთან შეიკრიბნენ და სამშენებლო მოედნამდე სატვირთო ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვით დამსაქმებელი კომპანიის “სინოჰიდროს” ყურადღების მიპყრობა სცადეს.

კომპანიის წარმომადგენელი ადგილზე მივიდა, თუმცა მანქანიდან არ გადმოსულა და გაფიცულებს მხოლოდ თარჯიმანი ესაუბრა.

გაფიცულები გვეუბნებიან, რომ რთულ სამუშაო პირობებთან ერთად მათ ბოლო ანაზღაურებიდან 250 ლარამდე დააკლეს.

კომპანიის ხელმძღვანელობიდან არც ჩვენ შეგვხვდერია ვინმე. ჩინური კომპანიის ქართველმა თარჯიმანმა მათი პოზიცია გადმოგვცა.

განმარტავენ, რომ დანაკლისის მიზეზი, დასაქმებულებისათვის გადაცემული სამუშაო ფორმებია, რომლებიც ჯერ არ უკან ჩაუბარებიათ. მათი დაბრუნების შემთხვევაში კი დანაკლისი აუნაზღაურდებათ. გაფიცულები პასუხად ამბობენ, რომ ფორმები ნაწილმა უკვე ჩააბარა, თუმცა თანხა არც მათ დარიცხვიათ.

კვლავ უცნობია რამდენად გეგმავს კომპანია გაფიცულების კიდე ერთი მოთხოვნის დაკმაყოფილებას და დღიური 38 ლარიდან 50 ლარამდე ანაზღაურების გაზრდას.

ბოლოს გავრცელებული ოფიციალური პოზიციის თანახმად, დამსაქმებელმა გაფიცულებს 2 ლარის დამატება და ანაზღაურების 40 ლარამდე გაზრდა შესთავაზა, რაზეც დასაქმებულებისგან უარი მიიღო.

დღეს კომპანიაში გვეუბნებიან, რომ “საკითხზე მუშაობენ”.

ჩვენი რედაქციის მიმართვის შემდეგ საკითხის შესწავლა დაიწყო საქართველოს პროფკავშირების გაერთაინებამ. შრომის უსაფრთხოების ინსპექციაში კი გვითხრეს, რომ საკითხის შესწავლისთვის საჭიროა დასაქმებულების მიმართვა. ჩვენ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია გაფიცულებს მივაწოდეთ.

ხულო-ზარზმის საავტომობილო გზის მშენებლობისთვის, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ხელშეკრულება ჩინურ კომპანია “სინოჰიდროს” 2020 წელს გაუფორმა.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 47 კილომეტრიანი გზის მშენებლობა, რომლისთვისაც 96 მილიონამდე ლარია გათვალისწინებული. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ზარზმა-ხულოს გზის რეაბილიტაცის შემდეგ, ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება.

ამავე წყაროს ცნობით, კომპანიამ სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.

მიიღებენ თუ არა გაფიცულები კუთვნილ ანაზღაურებას, ჩვენი რედაქცია თემაზე მუშაობას განაგრძობს.