რატომ ვერ გამოიყო მუნიციპალური ან საუნივერსიტეტო სივრცე კათოლიკური ეკლესიის კონფერენციისთვის?

November 14, 2026

უარი კათოლიკურ ეკლესიას ახალციხის მერიისა და სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტისგან სივრცის გამოყოფაზე – რატომ ვერ მოიძებნა ამ ორი ინსტიტუციის მიერ სივრცე რელიგიური კონფესიისთვის, რომელსაც წმ. ფრანცისკე ასიზელის გარდაცვალებიდან 800 წლის იუბილესთან დაკავშირებით კონფერენციის გამართვა უნდოდა. ჩვენ ამის გარკვევას მერიისა და უნივერსიტეტისგან შევეცადეთ.

კათოლიკური ეკლესია 13 ნოემბერს, წმ. ფრანცისკე ასიზელის გარდაცვალებიდან 800 წლის იუბილეს აღნიშნავდა. იქედან გამომდინარე, რომ Catholic.ge-ს ცნობით, ფრანცისკელი ბერები ამჟამად მხოლოდ ახალციხეში იმყოფებიან, წარსულში კი ამ ორდენის მისიონერები მრავალი წლის განმავლობაში, მესხეთში მოღვაწეობდნენ, კონფერენცია ახალციხეში დაიგეგმა. გარდა ამისა, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში კათოლიკური თემი მრავალრიცხოვანია.

როგორც კათოლიკური ეკლესიის მღვდელი, აკაკი ჭელიძე გვიყვება თავდაპირველად ღონისძიების ჩატარება უნივერსიტეტის დარბაზში სურდათ, თუმცა მათგან უარის შემდეგ მიმართეს ახალციხის მერიას, მერიისგან უარის შემდეგ კი ღონისძება კერძო სასტუმროში ჩაატარეს.

  • “მინდა მჯეროდეს ის მიზეზი, რაც განგვიცხადეს მართალი იყო,” – გვეუბნება ჭელიძე.

ინფორმაცია ზემოხსნებულის შესახებ Catholic.ge-მ გუშინ გაავრცელა. მალევე განცხადებით გამოეხმაურა ახალციხის მერიაც. უწყებაში ირწმუნებიან, რომ ახალციხის ციხეზე, “საკონფერენციო დარბაზი ტექნიკურად გაუმართავია, ჩამოდის წყალი, ჭერიდან ცვივა ბათქაში და შენობა არის საფრთხის შემცველი.” 

შესთავაზა თუ არა მერიამ კათოლიკურ კონფესიას, კონფერენციის ჩასატარებლად ალტერნატიული ფართი? – უწყებაში ჩვენს კითხვას არ უპასუხეს და გვითხრეს, რომ გავრცელებული განცხადებით გვეხელმძღვანელა.

მიმდინარე წლის მარტის თვეში, მუნიციპალური განვითარების ფონდმა “რაბათის” ციხის რეაბილიტაციისთვის საჭირო დოკუმენტაციისთვის ტენდერი 1,5 მილიონზე მეტ ლარზე გამოაცხადა – რა ეტაპზეა ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოები? – მდფ-ში გვეუბნებიან, რომ პროექტირება მიმდინარეობს.

რაც შეეხება საგანმანათლებლო დაწესებულებიდან მიღებულ უარს, Katholic.ge-ს ცნობით, აქ უარის მიზეზად საპირფარეშოს რეაბილიტაცია დაუსახელეს. აქვე ვკითხულობთ, რომ მათთვის უარის ფონზე, 13-14 ნოემბერს უნივერსიტეტში სხვადასხვა ღონისძება იყო დაგეგმილი. 

საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორი, ვახტანგ თაქთაქიძე ჩვენს ზარებს არ პასუხობს.

“წმ. ფრანცისკე ასიზელის გარდაცვალებიდან 800 წლის იუბილე კათოლიკე ეკლესიაში მნიშვნელოვანი მოვლენაა. პაპ ლეონ XIV-ის გადაწყვეტილებით, 2026 წლის 10 იანვრიდან 2027 წლის 10 იანვრამდე გამოცხადებულია წმინდა ფრანცისკეს განსაკუთრებული საიუბილეო წელი. შესაბამისად, საიუბილეო წელს შეუერთდა კათოლიკე ეკლესია საქართველოში. რადგანაც ეს წმინდანი ფრანცისკანელთა ორდენის დამაარსებელია, ხოლო ფრანცისკანელი ბერები ამჟამად მხოლოდ ახალციხეში მყოფებიან, წარსულში კი ამ ორდენის მისიონერები მრავალი წლის მანძილზე, მესხეთში მოღვაწეობდნენ და დიდი წვლილი შეიტანეს ამ კუთხისა და ზოგადად ქვეყნის განვითარებაში – გადაწყდა რომ კონფერენცია სწორედ ახალციხეში გამართულიყო,” – წერს Katholic.ge