ავტორი: მირანდა ფუტკარაია
ფოტო: წალკის მერია
წალკიდან ყველა სოფლის მიმართულებით საავტომობილო გზების გაწმენდაზე სამუშაოები ჩატარდა,-ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს ინფორმაციას.
დავინტერესდით ვინ შეასრულა და რა ინტენსივობით იწმინდება გზები ? მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია შპს “არწივანმა “ შეასრულა. საჭიროების შემთხვევაში კი გზები კიდევ გაიწმინდება. როგორც კომპანიის დირექტორი მამუკა გელაძე ამბობს, გზის გაწმენდა 2 დღის განმავლობაში გაგრძელდა. ასევე, დაიყარა მარილი. მისივე თქმით, გზების გაწმენდამდე ავტომობილების მოცურების საფრთხე არსებობდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, გზები ახლა მშრალია და ავტომობილები უსაფრთხოდ გადაადგილდებიან.
შეზღუდვები არ არსებობს წალკიდან თბილისის მიმართულებით საავტომობილო გზაზეც -ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ადასტურებს. უწყებაში ამბობენ, რომ გზის ამ მონაკვეთზე თოვლისგან გაწმენდითი სამუშაოები პერიოდულად, საჭიროების მიხედვით, ხორციელდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში 14 იანვრის დილამდე შენარჩუნდება ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და ზოგან თოვლიანი ამინდი.