რა ჯდება „ახალციხელობა“ და რა ღონისძიებებია დაგეგმილი 30 ივნისს

June 29, 2026

წელს „ახალციხელობის“ აღნიშვნა ადგილობრივ ბიუჯეტს დაახლოებით 90 000 ლარამდე დაუჯდება. გასულ წელს ამავე დღესასწაულისთვის გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით, მხოლოდ მომღერლების მომსახურებაზე 16 500 ლარი დაიხარჯა.

იყო თუ არა 2025 წლის ღონისძიების დაგეგმვისას დამატებითი ხარჯები გათვალისწინებული და რატომ გახდა საჭირო წელს დაახლოებით ხუთჯერ მეტი თანხის გამოყოფა?- კითხვებით ჩვენ ახალციხის მერიას მივმართეთ, უწყებაში გვითხრეს, რომ კითხვებზე პასუხის მისაღებად წერილობით უნდა მიგვემართა. 

ახალციხის ციხის ინფორმაციით, ხვალ, 30 ივნისს, ღონისძიებების ფარგლებში, ახალციხის ციხის ზედა ნაწილი ვიზიტორებისთვის 16:00 საათიდან, ხოლო ქვედა სივრცე 19:00 საათიდან გაიხსნება. ამ პერიოდში ციხეში შესვლა ყველა სტუმრისთვის უფასო იქნება.

ახალციხის მერიის ინფორმაციით, ქალაქის დღესასწაულთან დაკავშირებით, ახალციხესა და მუნიციპალიტეტის სოფლების მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასოდ იმოძრავებს. სოფლების მიმართულებით ბოლო რეისი სადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან 22:00 საათზე შესრულდება.

დღის პროგრამა მოიცავს რაინდულ წარმოდგენებს, ქართული გალობის შესრულებას, საპატიო ახალციხელების დაჯილდოებასა და ქრისტიანული მუსიკის ფესტივალს.