აფეთქება ქვემო ფონიჭალაში – რა ხდება?

November 19, 2026

განახლება:

მაშველებმა ნანგრევებიდან ორი ცხედარი ამოასვენეს. ოფიციალური ინფორმაციით, ორი ცხედრიდან ერთი ბავშვია, ერთი კი ქალი. მაშველები კიდევ 4 პირს ეძებენ.

_____

განახლება:

მაშველებმა ნანგრევებიდან არასრულწლოვანი ცოცხალი გამოიყვანეს.

_____

ქვემო ფონიჭალაში, ე.წ. უსინათლოთა დასახლებაში, ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი სადარბაზო აფეთქების შედეგად ჩამოინგრა. ოფიციალური ინფორმაციით, აფეთქება გაზის გამათბობელმა გამოიწვია. შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. მაშველები ნანგრევებში შვიდ ადამიანს ეძებენ, მათ შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვია.

ბოლო ინფორმაციით, მაშველებმა ნანგრევებიდან ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი მოზარდი, გამოიყვანეს. დაშავებულები კლინიკებში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევის შედეგად დაზიანებული კორპუსის მცხოვრებლები, ტელეკომპანია პირველთან აფეთქების მომენტს იხსენებენ. ადგილობრივების თქმით, დილით ძლიერი ხმა გაიგეს, რასაც შენობის ნაწილის ჩამონგრევა მოჰყვა. მათი ნაწილი ამბობს, რომ შენობიდან გამოსვლა ძლივს მოახერხა.

ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველების, კინოლოგთა და საპატრულო პოლიციის ჯგუფები, ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით აფეთქების შემდეგ, ორი სადარბაზოა პრობლემური, კორპუსის დანარჩენი ნაწილი საცხოვრებლად ვარგისია. კალაძის ინფორმაციით კორპუსში 90 ოჯახი ცხოვრობდა.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.

ფოტოები: IPN