ავტორი: მირანდა ფუტკარაია
ფოტო: რადიო თავისუფლება
თბილისის აეროპორტის ტერიტორიაზე, რუსეთიდან პირდაპირი რეისის შესრულების პასუხად გამართულ აქციაზე დაკავებულების შესახებ ვრცელდება ინფორმაცია. რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა ვიდეო მასალა, რომელშიც ჩანს როგორ გაჰყავს პოლიციას ადგილიდან სამოქალაქო აქტივისტი შუშანა მაცაბერიძე. არის თუ არა ის დაკავებული-შსს-საგნ პასუხი ვერ მივიღეთ.
ფოტო: მარიამ ნიკურაძე
ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ აკავებენ აქციის მონაწილეებს,- საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ შემდეგი პასუხი გასცა : “პოლიციელზე კვერცხის სროლა დანაშაული არ არის? გინება არ არის დანაშაული?”.
რუსეთიდან პირდაპირი რეისის შესრულების პასუხად გამართულ აქციას განცხადებით გამოეხმაურა შსს. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება აეროპორტის შენობებში და მათი შესასვლელებიდან ოცი მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიებზე. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, პროტესტი გამოხატონ დასაშვებ ტერიტორიაზე, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნებს,”-აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აეროპორტის ტერიტორიაზე შეკრებილი აქციის მონაწილეები რუსეთიდან რეისის შესრულებას აპროტესტებენ. აეროპორტში რუსული ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავი დაახლოებით 2 საათის წინ დაჯდა. მოსკოვი-თბილისის რეისი ავიაკომპანია „აზიმუტმა” შეასრულა.
ფოტო: მარიამ ნიკურაძე
რუსეთთან პირდაპირი ავიარეისების შესრულების წინააღმდეგ დღეს აქცია იმართება თბილისში, საღამოს რვა საათზე.