ძუძუს კიბო, კიბოს ყველაზე გავრცელებული სახეობაა და ქალებში – კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის წამყვანი მიზეზი, – ვკითხულობთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ახალ კვლევაში.
ინფორმაციის მიხედვით, 2020 წელს ევროპის რეგიონში, ძუძუს კიბო 576 337 ქალს დაუდგინდა 157 111 კი – მისგან დაიღუპა, რაც საათში 18 სიკვდილს უტოლდება.
რაც შეეხება საქართველოს მაჩვენებელს, კვლევის მიხედვით, საქართველოში 2020 წელს ძუძუს კიბოს 1 942 ახალი შემთხვევა გამოვლინდა რომელთაგან 910 გარდაიცვალა.
სამცხე-ჯავახეთის დემოკრატ ქალთა საზოგადოების ხელმძღვანელის, მარინა მოდებაძეს თქმით, მათ კლინიკაში ყოველთვიურად საშუალოდ 50 ქალი მიდის ძუძუს და საშვილოსნოს კიბოს პრობლემით.
“თუ მიმდინარე ტენდენციები არ შეიცვალა, 2020-2040 წლებში რეგიონში ძუძუს კიბოს ახალი შემთხვევები 12.8%-ით, ხოლო კი სიკვდილიანობა კი 25.2% ით გაიზრდება,” – ვკითხულობთ WHO-ს განცხადებაში.
კვლევის მიხედვით, ძუძუს კიბოთი დაავადებული ქალი, ორჯერ მეტი ალბათობით დაიღუპება ავადმყოფობისგან, თუ ის ცხოვრობს კავკასიაში, ვიდრე ჩრდილოეთ ევროპაში. მოწყვლად ჯგუფებში და დაბალი განათლებისა და შემოსავლის მქონე ქალებში უფრო გვიან ხდება დიაგნოზის დასმა და მათი გადარჩენის მაჩვენებელიც უფრო დაბალია.
“WHO-ს ახალი ინიციატივა მოიცავს რეკომენდაციებს ქვეყნებისთვის, თუ როგორ უნდა შემცირდეს ძუძუს კიბოს სიკვდილიანობა ადრეული გამოვლენისა და კიბოს ყოვლისმომცველი მენეჯმენტის გაზრდის გზით.
ორი სტრატეგიის კომბინაციამ წარმატებით შეამცირა ძუძუს კიბოს სიკვდილიანობა პოპულაციის დონეზე:
1) ძუძუს კიბოს ადრეული გამოვლენა (მათ შორის ადრეული დიაგნოსტიკისა და სკრინინგის ჩათვლით)
2) ეფექტური მულტიმოდალური მკურნალობა,” – ვკითხულობთ კვლევაში.