როგორ აფასებენ “აგენტების” შესახებ კანონპროექტს წალკის საკრებულოს დეპუტატები

March 1, 2023

ავტორი: მირანდა ფუტკარაია

წალკაში ევროკავშირის დაფინანსებული პროექტების სიკეთე ყველა ადამიანს შეეხო, – ამის შესახებ წალკის საკრებულოს დეპუტატმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” მალხაზ მგელაძე გვეუბნება. ის “უცხოური  გავლენების აგენტების შესახებ კანონპროექტს” რუსულ კანონს უწოდებს. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველოში არსებულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციას არ მოუნდება.

განსხვავებული პოზიცია აქვს წალკის საკრებულოს დეპუტატს “ქართული ოცნებიდან”. ჯაბა აბულაძემ გვითხრა,  რომ აღნიშნული კანონით   მედიის და ორგანიზაციების საქმიანობა და ფინანსები  გამჭვირვალე გახდება, ჟურნალისტები “ჩარჩოს ქვეშ მოექცევიან და ეს ზეწოლა არ იქნება.”

“აგენტების ” კანონპროექტი “განსხვავებული აზრის ჩახშობად” მიაჩნია წალკის   საკრებულოში წარმოდგენილი  ფრაქციის “ერთობა წალკისთვის” თავმდჯომარეს ასლან მგელაძეს. ის გვეუბნება, რომ აღნიშნული კანონის მიღება მიუღებელია იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას ელოდება.

პროექტს ქვეყნის დემოკრატიული კურსისთვის და კეთილდღეობისთვის დამაბრკოლებლად მიიჩნევენ საკუთრივ სამოქალაქო ორგანიზაციების და მედიების წარმომადგენლები, რომლებიც ასევე მიუთითებენ, რომ კანონი მიმართულია არა გამჭვირვალობის გასაზრდელად, არამედ მათ დასაშინებლად. რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის დირექტორს და ჟურნალისტიკის რესურსცენტრის ხელმძღვანელს ნათია კუპრაშილს მიაჩნია, რომ ეს კანონი  “ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივას ასამარებს”.

Საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტში ხვალ 2 მარტს განიხილავენ.