ახალციხის საკრებულოს აპარატის უფროსი, თამარ აბულაძე გათავისუფლებიდან 6 თვის შემდეგ სამსახურში აღადგინეს. აბულაძე თავის დასთან ერთად მაშინ დაითხოვეს, როდესაც საჯაროდ ცნობილი გახდა, რომ საკრებულოს აპარატის უფროსის დის შვილი, ლევან თათეშვილი გიორგი გახარიას პარტიის წევრი იყო. მაშინ სამსახურიდან გათავისუფლებულები პოლიტიკური ნიშნით დევნაზე საუბრობდნენ.
თამარ აბულაძე ახალციხის საკრებულოს აპარატის უფროსის მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა.
ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით ლომიძე გვეუბნება, რომ მათ სასამართლოს გადაწყვეტილება აღარ გაუსაჩივრებიათ. გადაწყვეტილების მიხედვით, გათავისუფლებული პირი დაუყონებლივ უნდა დაბრუნებოდა უწინდელ პოზიციას.
კითხვაზე, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებით აღიარებს თუ არა რომ ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული გათავისუფლება, ის გვპასუხობს, რომ – არა
გახარიას პარტიის წევრთან ერთად გათავისუფლებულმა პირმა საკრებულოს სასამართლო მოუგო
რაც შეეხება მარინა აბულაძის სარჩელს, ის ბაღების გაერთიანების იურისტი იყო და გათავისუფლების შემდეგ ახალციხის საკრებულოს დეპუტატი გახდა, გიორგი გახარიას პარტიიდან. მისი ადვოკატი თეა თედლიაშილი გვეუბნება, რომ საკითხზე სასამართლო სხდომა ჯერ არ ჩანიშნულა.
შეგახსენებთ, რომ საკრებულოს აპარატის უფროსი თამარ აბულაძე და ახალციხის ბაღების გაერთიანების იურისტი, მარინა აბულაძე სამსახურიდან გასული წლის 25 აგვისტოს გაათავისუფლეს.
ჩვენი რედაქცია ცდილობდა დაკავშირებოდა სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებულს ბესიკ ამირანაშვილს, თუმცა არ იცი და არც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ჩვენს ზარებს არ პასუხობს.