ავტორი: მირანდა ფუტკარაია, ლერი კოჩალიძე
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებაში გასულ წელს 210 ოჯახს წყალმოვარდნის გამო, მოსავალი გაუნადგურდა. ადგილობრივები შიშობენ რომ წყალი მათ მოსავალს წელსაც საფრთხეს შეუქმნის. საუბარია “წალკის წყალსაცავად” წოდებულ ტბაზე, რომელიც მოსახლეობის სასოფლო სამეურნეო მიწების მიმდებარედაა. როგორც სოფელში გვეუბნებიან, ტბიდან წყალი გადმოდის და შესაბამისად სავარგულს ტბორავს, – აღნიშნული საკითხი ადგილობრივებმა, სოფლის კრებაზეც განიხილეს.
პრობლემის შესახებ ინფორმირებულია სოფელ სამებაში მერის წარმომადგენელი ჯულიეტა ჩხეტიანი. მან დაგვიდასტურა, რომ ტბიდან გადმოსულმა წყალმა წინა წელს მოსახლეობას მოსავალი მთლიანად გაუნადგურა. მისივე განმარტებით, წყალი ტბის ძირიდან გადმოდის და ადგილზე ჯებირის პრობლემა არ არის.
“ტერიტორია რაც იტბორება სახელმწიფო საკუთრებაა და ისედაც დატბორვის ზონაა,”-ასეთია საკითხზე წალკის მერიის პოზიცია.
წალკის წყალსაცავის წყალს კომპანია ხრამჰესი 1 იყენებს და ის 1947 წლიდან ფუნქციონირებს. როგორც ხრამჰესი 1-ის წარმომადგენელმა გვითხრა, წალკის წყალსაცავი სახელმწიფოს საკუთრებაა. კომპანია აქ დაგროვილ წყალს ყიდულობს წყლის დონეც კი მათ მიერ მოწმდება. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე წყალი 1503 მეტრზეა და გადმოსვლას 1507 მეტრიდან იწყებს და იმ შემთხვევაში თუ ჰესი მეტი სიმძლავრით იმუშავებს წალკის წყალსაცავში წყლის დონე დაიკლებს, თუმცა ეს ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემას შექმნის.
სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, წალკის წყალსაცავი რეგისტრირებული არ არის, სააგენტოში გვეუბნებიან რომ ის “პოტენციურად სახელმწიფოს საკუთრებაშია”.
არის თუ არა წალკის წყალსაცავი ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე და აქვთ თუ არა ინფორმაცია წყალაცავიდან წყლის გადმოსვლის საფრთხის შესახებ, კითხვით პრესსამსახურს მივმართეთ და საჯარო ინფორმაციაც გამოვითხოვეთ. უწყებისგან პასუხს ველოდებით.
წყალსაცავი ენერგეტიკული მიზნებისათვის 1946 წელს შეიქმნა. ის მდინარე ხრამის ხეობაში ზღვის დონიდან 1506 მ სიმაღლეზე მდებარეობს.