ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლელ სპასოვკა-ორლოვკას ცენტრალურ საავტომობილო გზამდე მისასვლელი 3 366 მეტრიანი გზის რეაბილიტაციისთვის მილიონ 600 ათას ლარზე მეტის დახარჯვა იგეგმება, – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.
ნინოწმინდის მერიაში გვეუბნებიან, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტი არასდროს ყოფილა.
დოკუმენტის მიხედვით, ამისთვის თანხის 95 % ცენტრალური ხოლო დანარჩენი – 5 % ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.
ნინოწმინდის მერიაში გვეუბნებიან, რომ “პრიორიტეტებს მერიის ეკონომიკის განყოფილება ადგენს, სოფელიც სწორედ ამ მიდგომით შეირჩა.”
სატენდერო დოკუმენტების მიღება 26 იანვარს შეწყდა, კონკურსში მონაწილეობა მხოლოდ ერთადერთმა პრეტენდენტმა “ჯავახავტოგზამ” მიიღო და მერიას სამუშაოებისთვის 8 500 ლარით ნაკლები შესთავაზა, ამ ეტაპზე შერჩევა-შეფასების პროცესი მიმდინარეობს.
რაც შეეხება კომპანიას, მან 194 ტენდერში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 25 %-ში წააგო. კომპანიას 10 გამარტივებული შესყიდვიდან 720 ათას ლარზე მეტი აქვს მიღებული.
ჩვენ კომპანიასთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა მითითებული ნომერი გამორთულია.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ინფორმაციით, კომპანიას ძირითადად ხელშეკრულებები ნინოწმინდის და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიებთან და საავტომობილო გზების დეპარტამენტთან აქვს.
აქვე გეტყვით, რომ სოფლები ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და ზღვის დონიდან 2040 მეტრზეა განლაგებული. 2014 საყოველთაო აღწერის მიხედვით, ორლოვკაში 249 მოსახლე ცხოვრობს, ხოლო სპასოვკაში – 269.