ვინ აკონტროლებს კვების ობიექტებში სურსათის უვნებლობას და ხარისხს-კვლევის შედეგები  შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში

January 26, 2023

ავტორი: მირანდა ფუტკარაია

სამცხე-ჯავახეთში და შიდა ქართლში  500 საზოგადოებრივი კვების  ობიექტიდან, სურსათის უვნებლობის და ხარისხის კონტროლის მენეჯერი მხოლოდ  4.4%-ს ჰყავს, დანარჩენ 95,6 %-ში კი ამ მოვალეობას სხვა თანამშრომლები ითავსებენ, – კვლევას ახალგაზრდა ფერმერთა ასოციაცია აქვეყნებს.

კვლევის შედეგების საფუძველზე   შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებისთვის  რეკომენდაციების დოკუმენტი  შემუშავდა. სულ 7 რეკომენდაცია გაიცა.

დოკუმენტის მიხედვით, კვების ობიექტებზე არაგეგმიური ვიზიტების რაოდენობა უნდა გაიზარდოს, ეთნიკური უმცირესობებისთვის ხელმისაწვდომ ენაზე საინფორმაციო მასალები მომზადდეს, მავნე სურსათის შესახებ მოსახლეობას ინფორმაცია დროულად მიეწოდოს და  ა.შ

რეკომენდაციების ადრესატები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სსიპ − სურსათის ეროვნულ სააგენტო და ბიზნესოპერატორები არიან.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ გაცემული რეკომენდაციები სააგენტოს მხრიდან “ისედაც სრულდება”.

პროექტი “სურსათის უვნებლობის ხელშეწყობა საზოგადოებრივ კვების ობიექტებში მონიტორინგისა და ადვოკატირების გზით” მიზნად ისახავს შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში კვების ობიექტებში  სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფას.