შენობების თვითნებურად დაკავება და სახელმწიფო სტრატეგიის გარეშე

June 2, 2023

ავტორი: მირანდა ფუტკარაია

მოქალაქეების მიერ სახელმწიფო შენობების დაკავება და გასახლებები ამ ფართებიდან-საქართველში მსგავსი პრაქტიკა ათ წელზე მეტია არსებობს. ამას სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშიც ადასტურებს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ იმ დროს “თბილისის მასშტაბით იდენტიფიცირებული იყო 401 ობიექტი, რომელიც 9 805 ოჯახს თვითნებურად ჰქონდა დაკავებული ”.

საკითხი დღესაც აქტუალურია. ამის დასტურია დაახლოებით ერთი კვირის წინ გარდაბანში, იუსტიციის სახლის ყოფილ შენობაში 10-მდე ოჯახის უნებართვო შესვლა. წლების განმავლობაში იცვლება თვითნებურად შეჭრის მსურველთა რაოდენობა და ლოკაციები. სხვადასხვაა მათი მხრიდან მსგავსი ქმედების მოტივი, ერთ-ერთი ფინანსური პრობლემებია.

რამდენად აქვს კავშირი ქვეყანაში არსებულ სოციალურ მდგომარეობას ადამიანთა მიერ შენობაში უკანონო შეჭრასთან ,- ღია საზოგადოების ფონდის სოციალური სამართლიანობის პროგრამის მენეჯერი ანანო ცინცაბაძე გვეუბნება, რომ ეს ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია, თუმცა, მთავარი პრობლემა იმაშია, რომ სახელმწიფო ამ საკითხით არ არის დაინტერესებული და არ არსებობს საცხოვრისის სტრატეგიის ეროვნული დოკუმენტი.

უსახლკარობა “არაღიარებულ პრობლემადაა” დასახელებული ღია საზოგადოების ფონდის მიერ შემუშავებულ დოკუმენტებში. 2019 წლის ანგარიშში სახელწოდებით “უსახლკარობის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები — საერთაშორისო მიმოხილვა” წერია, რომ არ არსებობს უსახლკაროთა ოფიციალური სტატისტიკა და სახელმწიფო სტრატეგია, რაც ღია ცის ქვეშ დარჩენილი მოსახლეობის პრობლემას გადაწყვეტს. ანალოგიურს ადასტურებს სახალხო დამცველის 2022 წლის ანგარიში.

“სახელმწიფოს არ აქვს უსახლკარო პირთა სამთავრობო სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა, უსახლკარო პირის სრულფასოვანი საკანონმდებლო განმარტება და სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზაციისთვის აუცილებელი ჩარჩო კანონმდებლობა,”-ვკითხულობთ დოკუმენტში.

როგორც სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშშია აღნიშნული “საცხოვრებლის უფლება უფრო მეტია ვიდრე ოთხი კედელი და ჭერი და იგი მოიცავს მშვიდობიან და ღირსეულ პირობებში ცხოვრებას.”

ამის გათვალისწინებით ღია საზოგადოების ფონდის 2021 წლის დოკუმენტში ხელმისაწვდომი საცხოვრისის გრძელვადიანი სერვისებია განსაზღვრული. ესენია :

  • საცხოვრისის ვაუჩერები – ფულადი ვაუჩერი, რომლის ფარგლებში, კონკრეტულ საბინაო ფონდში შესაძლებელია ბინის დაქირავება;
  • სოციალური საცხოვრისები ახალ აშენებულ შენობებში- ეს საცხოვრისის ის ფორმაა, რომელიც ადამიანების სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს შემოსავლების მიხედვით არ გამიჯნავს და უსახლკარო/დაბალშემოსავლიან ადამიანებს სახელმწიფო დოტაციის მეშვეობით აძლევს ნებისმიერ სოციალურ ჯგუფთან ერთად ცხოვრების და რესოციალიზაციის შესაძლებლობას;
  • სახლის გამოსყიდვის გრძელვადიანი და დაბალპროცენტიანი (ან უპროცენტო) სესხები- სპეციალური პროგრამებია, რომლის კონკრეტული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სახელმწიფო გასცემს სესხს, ან განვადებას და საშუალებას აძლევს ბენეფიციარს, გარკვეული თანხის გარკვეულ ვადაში გადახდის სანაცვლოდ, საბოლოოდ საკუთრებაში მიიღოს საცხოვრისი;

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით , საქართველოს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 2016 წლიდან 2022 წლის რვა თვის ჩათვლით, ჯამში, 2,237 უძრავი ქონებიდან გამოასახლა/გამოიყვანა უკანონოდ მყოფი ან შეჭრილი პირი.

გარდაბანში, იუსტიციის სახლის ყოფილ შენობაში თვითნებურად შესული ოჯახების ნაწილი ადგილზე რჩება. მათ გარდაბნის მერია დახმარებაზე უარს ეუბნება, რადგან ამ მუნიცპალიტეტში არ არიან რეგისტრირებული. შესახლებულები რუსთავიდან და კახეთიდან არიან. რუსთაველებს რუსთავის მერიაც ვერ ეხმარება. მიზეზად უწყებაში განუმარტეს, რომ , ამ ეტაპზე, მათი დახმარება გარდაბნის მერიის პრეროგატივაა. კახეთის ოფიციალური უწყების პასუხი კი ჯერ უცნობია.