წალკის წყალსაცავზე კარანტინი გამოცხადდა

July 3, 2026

წალკის წყალსაცავზე კარანტინი გამოცხადდა – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე გვიდასტურებენ ( 153 ) 

 აღნიშნული ინფორმაცია, კარანტინის გამოცხადების შესახებ ჩვენს რედაქციას, წყალსატევის ლიცენზიანტმა კომპანიამ მიაწოდა. 

ჩვენ ინფორმაციის დასადასტურებლად გარემოს დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე დავრეკეთ, თავი მეთევზედ წარვუდგინეთ, რომელსაც წალკის წყალსატევზე თევზაობა სურდა. ამის შემდეგ უწყების ცხელი ხაზის ოპერატორმა გვითხრა, რომ წყალსატევზე კარანტინია გამოცხადებული, თევზის დაავადების გამო. 

ამავე წყაროს ცნობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს კვლევა და სანამ არ გამოსწორდება მდგომარეობა  თევზაობა აკრძალულია. როდემდეა გამოცხადწბული კარანტინი? ამაზე ზუსტი ინფორმაცია ცხელ ხაზზე არ აქვთ: 

,,სანამ არ გამოსწორდება ეკოსისტემა  იმისთვის, რომ თევზი ჯანმრთელი იყოს. წყალუხვობის გამო მახლობელი ნათესებიდან  ჩაედინა ისეთი ქიმიკატები რომლებმაც გამოიწვიეს  პრობლემა,  დავემორჩილოთ განკარგულებას,“-გვიპასუხეს ცხელ ხაზზე.

 კარანტინის შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია არცერთ სახელმწიფო უწყებას, შესაბამისად, ხალხს არც ის განემარტა, რომ  კარანტინის პერიოდში თევზაობა არ შეიძლება. 

ჩვენ ცხელი ხაზის ოპერატორს კარანტინის შესახებ ინფორმაციის გავრცელების წყაროს მოწოდება ვითხოვეთ. თუმცა, გვიპასუხეს, რომ განცხადება ვებ გვერდზე გამოქვეყნებული არ არის. 

ჩვენმა რედაქციამ წალკის წყალსაცავზე თევზის დახოცვის შესახებ მუშაობა 11 ივნისს დაიწყო. გვიანტერესებდა, რამ გამოიწვია თევზის მასიური დახოცვა. მივმართეთ სურსათის ეროვნულ სააგენტოს, გარემოსდაცვით ზედამხედველობის  სამსახურს.  გარემოს ეროვნულ სააგენტოს. ვითხოვდით პასუხებს კითხვებზე, როგორია როგორც თევზის, ისე წყლის ლაბორატორიული კვლევის შედეგი? 

თუმცა, ამ დრომდე  არცერთ უწყებიდან ამ დრომდე პასუხი არ გვაქვს. 

წალკის წყალსაცავის ლიცენზიანტი, ზვიად ჯიქია გვეუბნება, რომ “წალკის წყალსაცავზე კარანტინია გამოცხადებული და არავინ არ თევზაობს. შეზღუდვა დამოკიდებულია იმაზე რა და როგორ იქნება. “

ინფორმაციას კარანტინის შესახებ ფლობენ  წალკის მუნიციპალიტეტში. თუმცა, არ იციან დასრულების დრო. 

ჩვენი რედაქცია წალკაში, ადგილზე  იმყოფებოდა, იმის გასარკვევად რა ხდება ნაპირზე. 

 ნაპირზე  აღარ ყრია მკვდარი და ლპობაში შესული თევზი.  ნაპირის მოშორებით, 3-4- მეტრის რადიუსში  თევზის  ფხებს და ნაწილებს შეხვდებით.   წალკელების თქმით, ტერიტორია არქვის გაუწმენდია და მკვდარი თევზი მიუსაფარმა ძაღლებმა და ფრინველებმა შეჭამეს.

ადგილობრივები ასევე გვეუბნებიან, რომ წყალსატევზე წყლის დონე მომატებულია და წვიმამ დახოცილი თევზი უკან ტბაში დააბრუნა. 

როდემდე გასტანს კარანტინი წყალსაცავში და რა წერია ასე გასაიდუმლოვებულ ლაბორატორიის დასკვნაში, პასუხის მიღებისთანავე რედაქცია ახალ მასალას შემოგთავაზებთ.