ავტორი: მირანდა ფუტკარაია
გალიფ უზუნალოვი სოფელ არსარვანში ცხოვრობს. მას თავისი თანასოფლელების მსგავსად წალკის ბიუჯეტის განხილვის და დამტკიცების პროცესში მონაწილეობის მიღების სურვილი აქვს.
საკრებულომ 2023 წლის ბიუჯეტი მიმდინარე წლის 26 დეკემბერს დაამტკიცა- საჯარო განხილვის და მოსახლეობის ჩართულობის გარეშე.
რა გააკეთა საკრებულომ იმისთვის, რომ ბიუჯეტის განხილვის და დამტკიცების პროცესი ღია და გამჭვირვალე ყოფილიყო. უწყებაში გვეუბნებიან, რომ საკრებულოს ვებ-გვერდზე სხდომების შესახებ ინფორმაცია განცხადების სახით გამოქვეყნდა.
ვებ-გვერდზე საჯარო განხილვის შესახებ არაფერი წერია. მხოლოდ ის არის მითითებული, რომ ბიუჯეტთან დაკავშირებით არსებული შენიშვნების მიწოდება მოქალაქეებს ელფოსტით შეუძლიათ.
წალკის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტი 11 მილიონ ლარზე მეტით განისაზღვრა, – ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ვკითხულობთ.
2023 წლის ბიუჯეტის მიხედვით ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 3567.7 ლარია გამოყოფილი. გამოყოფილი თანხიდან 830 ათასი ლარის დახარჯვა გარემოს დაცვისთვის იგეგმება, მათ შორის ქალაქის და სოფლების ნარჩენებისაგან დასუფთავებისთვის.
მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი განათლების მიმართულებით. სკოლამდელი დაწესებულებების რეაბილიტაცია-მშენებლობას 250 ათასი ლარი მოხმარდება. წალკის მუნიციპალიტეტში მხოლოდ 7 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაა, რომელშიც 450-ზე მეტი ბავშვი დადის.
30-მდე სოფელი საბავშვო ბაღის გარეშეა. კონკრეტულად, რამდენ სოფელში აშენდება საბავშვო ბაღი ან ჩაუტარდება რეაბილიტაცია, 2023 წლის ბიუჯეტში არაა დაკონკრეტებული.
600 ათასზე მეტის დახარჯვა იგეგმება ჯანდაცვის მიმართულებით. აღნიშნული თანხა ეპიდზედამხედველობას, იმუნიზაციას, ცხოვრების ჯანსაღი წესის განვითარების ხელშეწყობასა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარიული ნორმების დაცვის ზედამხედველობას მოხმარდება.
განსხვავებული აღმოჩნდა ადგილობრივი მოსახლეობის პრიორიტეტები. წალკის სოფელ კუშის მცხოვრები და წალკელი აქტივისტი ბელა ავეთიანი გვეუბნება, რომ წალკელებს საბავშვო ბაღის, სკოლების, გაზის და წყლის პრობლემების მოგვარება სურთ და უნდათ, რომ მათი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ამ გამოწვევებს პასუხობდეს.
ბიუჯეტში ასევე ვკითხულობთ, რომ სარეზერვო ფონდის მოცულობა 2023 წელს 40,0 ათასი ლარით იქნება განსაზღვრული.
2023 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს ვებ-გვერდზე 17 ნოემბერს გამოქვეყნდა. მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიმართ საკრებულოს დეპუტატს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” მალხაზ მგელაძეს რამდენიმე შენიშნა ჰქონდა.
შენიშვნები ძირითადად, განათლების და სოფლის მეურნეობის სფეროებს ეხება. მისი თქმით, წალკაში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ნაკლებობაა და ეს ბიუჯეტის პროექტით არაა გათვალისწინებული. დეპუტატის არცერთი შენიშვნა არ იქნა გათვალისწინებული.
შენიშვნები ჰქონდა , ასევე , საკრებულოს ფრაქცია „ერთობა წალკისთვის“ თავმჯდომარეს ასლან მგელაძეს. მას მიაჩნია, რომ წარმოდგენილ ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული გენდერული ასპექტები და ასევე ბიუჯეტის პროექტი ვერ უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით გათვალისწინებულ მიზნებს და ამოცანებს, კერძოდ „სახალხო ბიუჯეტირების“ პროცესს. როგორც საკრებულოს დეპუტატმა გვითხრა, მისი შენიშვნები გენდერული თანასწორობის ნაწილში გაითვალისწინეს, “სახალხო ბიუჯეტირების” ნაწილში- არა.
2023 წლის ბიუჯეტის საკითხზე გვინდოდა მოგვესმინა მერიის და საკრებულოს მმართველი გუნდის პოზიციები. ჩვენი სატელეფონო ზარები მერთან, მერის მოადგილეებთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, საკრებულოს აპარატის წევრებთან,საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარესთან უშედეგო აღმოჩნდა.
ბიუჯეტის მიხედვით, 2023 წელს წალკაში სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 400 ათასი ლარი გამოიყო.
მუნიციპალიტეტში 22 სოფელი გაზიფიცირების პრობლემის წინაშე დგას, თუმცა ამ მიმართულებით ბიუჯეტში არაფერია გათვალისწინებული. გაზიფიცირების საკითხი ვერც მუნიციპალიტეტის 2023-26 წლების პრიორიტეტულ საკითხებში მოექცა, რომელიც საკრებულოს ვებ-გვერდზე 17 ნოემბერს გამოქვეყნდა. პრიორიტეტების დოკუმენტის მიხედვით, წალკის მუნიციპალიტეტის ძირითადი პრიორიტეტების ჩამონათვალი შემდეგია:
ინფრასტრუქტურის განვითარება;
დასუფთავება და გარემოს დაცვა;
განათლება;
კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი;
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა;
მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები.
წალკის მუნიციპალიტეტში ერთი ქალაქი, სამი დაბა და 40 სოფელია. რამდენად მოერგება მთავარი ფინანსური დოკუმენტი მოსახლეობის საჭიროებას მიმდინარე წელს გახდება ცნობილი.