როდის ჩაუტარდება ახალციხეში, სოფელ ივლიტაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, მულტირელიგიურ ტაძარს რეაბილიტაცია, რომელიც უკვე თვეებია სახურავ ჩამონგრეული დგას და ზიანდება?
კითხვაზე პასუხი საჯარო წესით 2022 წლის 12 აგვისტოს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსგან გამოვითხოვეთ. მას შემდეგ რაც ინფორმაცია ვერ მივიღეთ და სატელეფონო კომუნიკაცია უწყებასთან ასევე უშედეგოდ არაერთგზის ვცადეთ, დახმარებისთვის ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს/IDFI-ს მივმართეთ.
პროცედურის მიხედვით, ორგანიზაციამ უწყებას განცხადებით მიმართა, თუმცა ყველა წესის დაცვის მიუხედავად ინფორმაცია მაინც ვერ მივიღეთ, რის გამოც კულტურის სამინისტროს სასამართლოში ვუჩივლეთ.
ჩვენს ინტერესებს სასამართლოში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი/IDFI იცავს. მისი წარმომადგენლის, ნიკა ბოლქვაძეს თქმით, სასამართლომ საკითხი წარმოებაში მიიღო, თუმცა როდის ჩაინიშნება სხდომა ამ დროისთვის უცნობია, რადგან მისივე თქმით, სასამართლო კონტროლი არაეფექტურია, თარიღები ირღვევა და პროცესი შესაძლოა 2 წელიც კი გაგრძელდეს, შედეგად კი საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის პრობლემა გაიზარდა, ხოლო საჩივრების რაოდენობამ იკლო.
ორგანიზაციის მონაცემებით, 2019 წელს, საქართველოს მასშტაბით, სულ 104 საჩივარი დაიწერა. 2020 წელს – 28, 2021 წლის 9 თვის განმავლობაში კი მაჩვენებელი 10-მდე შემცირდა.
IDFI-ს ცნობით, მათ მიმდინარე წელს, საჯარო ინფორმაციის გაცემის პრობლემაზე 22 სარჩელი შეიტანეს, რომელთაგან სასამართლოს ჯერ-ჯერობით არცერთი განუხილავს.
არის თუ არა კულტურის სამინისტრო საჩივარის შესახებ ინფორმირებული და როგორია მათი პოზიცია? – უწყებაში ჩვენს ზარებს და შეტყობინებებს არც დღეს პასუხობენ.