ბოლო ორი კვირის განმავლობაში სამმა მთავარეპისკოპოსმა და ამავდროულად სინოდის წევრმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ისინი ეწინააღმდეგებიან ე.წ. ,,აგენტების კანონს” და ხელისუფლებას კანონის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. მათი განცხადებების შემდეგ ,,საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ” Facebook გვერდზე სინოდის წევრების მოსაზრებებისგან განსხვავებული შინაარსის პოსტი დაიდო, რომლის ავტორის დადგენას ჩვენი რედაქცია ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობს.
დმანისის და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსის და ეკლესიის საკანონმდებლო წარმომადგენლის, ზენონ იარუჯელის განმარტავს, რომ სადავოკანონი მათ შორის ვრცელდება საქართველოს საპატრიარქოს მიერ დაფუძნებული ააიპ–ებზეც, “რადგან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის განმარტებით საქართველოს ეკლესია არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს.”
“კანონპროექტის მოცემული სახე, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან, საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დადებულ კონსტიტუციურ შეთანხმებასთან.”
აქედან გამომდინარე, მთავარეპისკოპოსის განმარტებით, “ეკლესიის, როგორც ისტორიულად ჩამოყალიბებული საჯარო სამართლის სუბიექტის, სამართლებრივი სტატუსი და ზოგადად, ეკლესიის ონტოლოგიური ბუნება შეუძლებელია აარსებდეს “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელის ორგანიზაციას“ და აღნიშნული ფორმულირებით ლეგიტიმაციას ახდენდეს. თავისთავად ეკლესია ვერ დააფუძნებს ანტისახელმწიფოებრივი რისკის შემცველ იურიდიულ პირს, მითუმეტეს, სახელმწიფოს მიერ აღიარებულია იგი როგორც ეროვნული მსოფლმხედველობისა და ფასეულობების ჩამომყალიბებელი. ამიტომ, კანონპროექტის მოცემული სახე, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან, საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დადებულ კონსტიტუციურ შეთანხმებასთან, რადგან კანონპროექტი წარმოადგენს ეკლესიის, როგორც საჯარო სამართლის სუბიექტ-ინსტიტუციის თვითდისკრედიტაციის პირობას.”
კანონპროექტის შესახებ განცხადება გაავრცელა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმაც, რომელმაც ხელისუფლებას მოუწოდა სადავო კანონპროექტის დაჩქარებული წესით შეჩერება.
“შექმნილი მდგომარეობა, მაღალი სულიერი პასუხისმგებლობის ტვირთი და წარსულის მძიმე გამოცდილება მავალებს, რომ მოგმართოთ, როგორც ერთმა თქვენგანმა და თქვენ შორის უკანასკნელმა: “ის დაძაბულობა და საზოგადოებრივი პროტესტი, რაც უკანასკნელი დღეების განმავლობაში ვითარდება საქართველოს პარლამენტში და მის ირგვლივ, ის, რაც ამ დაძაბულობის ესკალაციას შეიძლება მოჰყვეს ამ ქვეყნის ცხოვრებაში, საკმარისზე მეტ არგუმენტს იძლევა საიმისოდ, რომ შეწყდეს/შეჩერდეს სადავო კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღების პროცედურები, რამაც შექმნა უკიდურესი დაძაბულობის საფუძვლები ქართულ საზოგადოებაში.”
“მივიჩნევ რომ ჩვენი თავისუფლების მოყვარე ერისა და ხალხის ისტორიული არჩევანი, რომ საქართველო იყოს ევროპული ოჯახისა და ცივილიზაციის სრულფასოვანი წევრი და განუყოფელი ნაწილი, უნდა იყოს დაფასებული ყველას მხრიდან!” – ასე ეხმაურება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა.
“ასეთი პოლარიზაციის პირობებში, როცა ჩვენი დაუძინებელი მტერი საზოგადოების ორად გაყოფას მცდელობას არ აკლებს, დაუშვებლად მიმაჩნია აჩქარებული წესით რაიმე გადაწყვეტილების მიღება, თანაც იმ ფონზე, როცა ჩვენი ქვეყნის ყველა პარტნიორი ქვეყნებისა და კავშირების ლიდერები მოგვიწოდებენ მეტი დაფიქრებისა და ანალიზისთვის, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ახალი კანონპროექტის მიღებას,” – წერს ეპისკოპოსი.
მართლმადიდებლური აღდგომის მომლოდინე კვირის დასაწყისში, ლაზარეს შაბათის ღამეს, Facebook პოსტი დადო ,,,საქართველოს საპატრიარქოს საზოგადიებასთან ურთიერთობის სამსახურის” გვერდმა, რაც ეწინააღმდეგება სინოდის წევრთა განცხადებებს. ჩვენი რედაქცია არაერთგზის ცდილობდა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან დაკავშირებას, თუმცა უშედეგოდ.
მასალა განახლებადია
TOK TV შეგახსენებთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” პირობა გატეხა და “რუსული კანონი” რომელიც გასულ წელს მოქალაქეთა პროტესტის გამო უკან გაიწვიეს კვლავ დაარეგისტრირა და პირველივე მოსმენაზე, 83-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა. მას შემდეგ თბილისში ყოველდღიური საპროტესტოა ქციები იმართება.
კანონპროექტის ანტიევროპულობაზე მიუთითებს როგორც საქართველოში მომუშავე, ისე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები, ევროპარლამენტარები, ელჩები და ა.შ, თუმცა “ოცნება” ამ კანონის მიღებას 17 მაისს მაინც აპირებს.