ეკლესიის, მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციების სტიგმატიზირების საფრთხე – მთავარეპისკოპოსი “რუსულ კანონზე”

April 25, 2024

“კანონპროექტის მოცემული სახე, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან, საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დადებულ კონსტიტუციურ შეთანხმებასთან,” – დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი და ეკლესიის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი, ზენონ იარაჯული “რუსული კანონის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც მთავარეპისკოპოსი თავის განცხადებაში წერს, “რუსული კანონი” მათ შორის ვრცელდება საქართველოს საპატრიარქოს მიერ დაფუძნებული ააიპებზეც, “რადგან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის განმარტებით საქართველოს ეკლესია არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს.”

აქედან გამომდინარე, მთავარეპისკოპოსის განმარტებით, “ეკლესიის, როგორც ისტორიულად ჩამოყალიბებული საჯარო სამართლის სუბიექტის, სამართლებრივი სტატუსი და ზოგადად, ეკლესიის ონტოლოგიური ბუნება შეუძლებელია აარსებდეს “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელის ორგანიზაციას“ და აღნიშნული ფორმულირებით ლეგიტიმაციას ახდენდეს. თავისთავად ეკლესია ვერ დააფუძნებს ანტისახელმწიფოებრივი რისკის შემცველ იურიდიულ პირს, მითუმეტეს, სახელმწიფოს მიერ აღიარებულია იგი როგორც ეროვნული მსოფლმხედველობისა და ფასეულობების ჩამომყალიბებელი. ამიტომ, კანონპროექტის მოცემული სახე, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან, საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დადებულ კონსტიტუციურ შეთანხმებასთან, რადგან კანონპროექტი წარმოადგენს ეკლესიის, როგორც საჯარო სამართლის სუბიექტ-ინსტიტუციის თვითდისკრედიტაციის პირობას.”

რაც შეეხება გამჭვირვალობას, როგორც ზენონ იარაჯული წერს, საქართველოში არსებობს შესაბამისი ინსტიტუტები თუ სამსახურები, რომლებიც აწარმოებენ ფინანსურ მონიტორინგს. მისი თქმით, გაუგებარია თუ რატომ აპირებენ იმ კანონის მიღებას, რომელიც უბიძგებს მოქალაქეს ან მოქალაქეთა ჯგუფს, დარეგისტრირდნენ “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად.”

“საქართველოს სახელმწიფოში არსებობს შესაბამისი ინსტიტუციები თუ სამსახურები, რომელთა სახელმწიფოებრივ-ინსტიტუციური ფუნქციაა, ამა თუ იმ იურიდიული პირთან, ორგანიზაციასთან, ადმინისტრაციულ ორგანოსთან მიმართებაში აწარმოონ ფინანსური და მასთან დაკავშირებული რაიმე სახის მონიტორინგი. ამდენად, გაუგებარია თუ რატომ უნდა იყოს საჭირო, გამჭვირვალობის, მონიტორინგის საწარმოებლად, დამატებით ისეთი კანონის მიღება, რომელიც თავის მოქალაქეს ან მოქალაქეთა ჯგუფებს უბიძგებს სახელმწიფოს წინაშე დარეგისტრირდეს როგორც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი”.

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი ასევე ამბობს: “საქართველოს სახელმწიფოს უსაფრთხოების, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საფრთხეს წარმოადგენს რუსეთის სახელმწიფო, რომელმაც მოახდინა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია. საფრთხეს წარმოადგენენ ის ქვეყნები, რომლებმაც რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სუვერენულად აღიარა თვითგამოცხადებული „სახელმწიფოები”. თუ გვსურს უცხოური გავლენისა და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციებისგან მოსალოდნელი საფრთხეების აცილება, კანონპროექტის პრეამბულაში უნდა იყოს მითითება, ტერიტორია ოკუპირებული საქართველოს სახელმწიფოსთვის, თუ რომელი ქვეყნები წარმოადგენენ საფრთხეს და შესაბამისად, ამ ქვეყნებიდან მიღებული დაფინანსება მოქცეული იქნეს შესაბამისი გამჭირვალობისა და კონტროლის ქვეშ.”

“სახელმწიფოს მიერ, პირდაპირი თუ ირიბი ქმედებით პერსონების, სოციალური ჯგუფების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების “სტიგმით მონიშვნა”, არსებითად მოდის წინააღმდეგობაში ქრისტიანული მოძღვრების სულისკვეთებასთან და ცივილიზებული სამყაროს ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებთან.

კანონპროექტის “ უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ” შინაარსი და წარმოდგენილი სარეგისტრაციო ფორმულირება ქმნის მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ინსტიტუციების (მათ შორის ეკლესიის) სტიგმატიზირების საფრთხეს,” – წერს მთავარეპისკოპოსი.

TOK TV შეგახსენებთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” პირობა გატეხა და “რუსული კანონი” რომელიც გასულ წელს მოქალაქეთა პროტესტის გამო უკან გაიწვიეს კვლავ დაარეგისტრირა და პირველივე მოსმენაზე, 83-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა. მას შემდეგ თბილისში ყოველდღიური საპროტესტოა ქციები იმართება.

კანონპროექტის ანტიევროპულობაზე მიუთითებს როგორც საქართველოში მომუშავე, ისე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები, ევროპარლამენტარები, ელჩები და ა.შ, თუმცა “ოცნება” ამ კანონის მიღებას 17 მაისს მაინც აპირებს.