ადიგენში, წერეთლის 18-ში მცხოვრებ მერაბ მიქელაძეს, რომელსაც კერძო სახლში მუსლიმური სამლოცველო ჰქონდა გახსნილი, სახელმწიფო სახლის დათმობას და ალტერნატივად, სოფელ იჯარეთში სამლოცველოს გახსნას სთავაზობს, – ამის შესახებ, დღეს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ , სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
ადიგენი: სიჩუმე ხმაურის შემდეგ
შეხვედრა, სააგენტოს, მუნიციპალურ ორგანოებს და მუსლიმ თემს შორის დღეს გაიმართა. როგორც ვაშაყმაძემ მედიასთან განაცხადა, მიქელაძესთან ორი შეთავაზება ჰქონდათ:
პირველი: ნაცვალგების პრინციპი, რომლის მიხედვითაც არსებული კერძო სახლის სანაცვლოდ სოფელ იჯარეთში სახლის შეძენას და სამლოცველოს გახსნას სთავაზობდნენ, ხოლო მეორე: მიქელაძეს კერძო სახლს მუნიციპალიტეტი შეისყიდდა და სხვა დანიშნულებით გამოიყენებდა. მისივე თქმით, შეთავაზებებს მუსლიმი მხარე არ დათანხმდა.
როგორც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა, ციტატა: “ის შესაძლო პასუხისმგებლობა, რაც შეიძლება დადგეს დაეკისრება მიქელაძეს და იმ პოლიტიკურ სუბიექტს, რომელიც შესაძლოა ჩართული იყოს. “
დღესვე, ვაშაყმაძემ რელიგიის კანონის მიღებაზეც ისაუბრა. საჭიროა თუ არა კანონის მიღება, რა პოზიცია აქვთ მუსლიმ მხარეს შეთავაზებებთან დაკავშირებით, რამდენად ირღვევა კონსტიტუციით გათვალისწინებული ადამიანის უფლებები, გამოხატვისა და რელიგიის თავისუფლების მიმართულებით – თემაზე ვრცელ სიუჟეტს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
სახლის მეპატრონე მერაბ მიქელაძე, სამცხე-ჯავახეთის მუფთი, მამუკა ვაშაყმაძე ჩვენს ზარებს არ პასუხობენ – მათ შეხვედრა ისე დატოვეს რომ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
რა ბედი ელის ადიგენში მუსლიმთა სამლოცველოს – 5 საათიანი მოლაპარაკების შედეგი
აქვე გეტყვით, რომ 8 მარტს, ადიგენში, კერძო სახლის მიმდებარედ ადგილობრივები შეიკრიბნენ და საპროტესტო აქცია გამართეს, ისინი სახლში მოწყობის სამლოცველოს გახსნას აპროტესტებდნენ.ადიგენი: სიჩუმე ხმაურის შემდეგ
მუსლიმებსა და ქრისტიანებს ადიგენში თანაცხოვრების ხანგრძლივი ისტორია აქვთ, თუმცა რელიგიური მოტივებით ლოკალურ კონფლიქტებსაც ჰქონდა ადგილი. ხმაურიანი იყო 2013 წელს ადიგენში მინარეთის დადგმის საკითხზე დაწყებული დაპირისპირება, რაც საბოლოოდ მართლმადიდებლური ეკლესიისა და მუსლიმთა სამმართველოს ერთობლივი ძალისხმევით მოგვარდა და მინარეთი სოფელ ჭელაში საბოლოოდ დადგეს.